"ქართული ოცნების" წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი მიეწოდება. ამასთან, სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, სასაყვედურო არავის არაფერი აქვს.
"მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა სერვისი სჭირდება, რომელზეც ხელი არ მიუწვდება. თუ ვინმეს ასეთი მოსაზრება აქვს, მითხარით და ვიმსჯელოთ, მაგრამ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და ეს არ არის მხოლოდ უბრალოდ მოსმენილი, შემოწმებულია ეს ყველაფერი. ნებისმიერი სამედიცინო სერვისი, რომელიც სააკაშვილს ესაჭიროება, დიახ, რა თქმა უნდა, ამის მიწოდებაზე პასუხისმგებელი და ვალდებული არის სახელმწიფო. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია და ამ კუთხით სასაყვედურო მერწმუნეთ არავის აქვს," - განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს მიხეილ სააკაშვილის შესახებ კითხვა დაუსვეს. ნედ პრაისის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.