ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საუბრობს. პარტიებს აქვთ მოლოდინი, რომ საბოლოოდ ხელისუფლება მოწოდებებს გაითვალისწინებს.
"პრაისის განცხადება მიუთითებს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არის ჩამოყალიბებული. ეს აზრი უკვე ტრანსფორმირდება კონკრეტული სახელმწიფო უწყებების განცხადებაში და ეს განცხადებები თუ გათვალისწინებული არ იქნა "ქართული ოცნების" მიერ, ამ განცხადებებს მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები, მათ შორის სანქცირების კუთხით მაღალი თანამდებობის პირების.
ობიექტური გადაწყვეტილების შანსი ხელისუფლებას აქვს. სასამართლო დასკვნები, მათ შორის, სახალხო დამცველის, კონსილიუმის, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები არსებობს, ამიტომ პოლიტიკური მდგენელისგან გამიჯნულად ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
უმრავლესობის პოზიციით კი, სააკაშვილთან დაკავშირებით არასაკმარისი სერვისების მიღებაზე საუბარი მიუღებელია, რადგან მას ყველა სახის სამედიცინო დახმარება უტარდება და მისი ყველა უფლება დაცულია.
ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს მიხეილ სააკაშვილის შესახებ კითხვა დაუსვეს. ნედ პრაისის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.