საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულთა ოჯახებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს უმასპინძლა. ღონისძიების მასპინძელი პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძეა.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა, რომელმაც უკრაინელ ბავშვებსა და მათ პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაზე უმრავლესობის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.
"ჩამოვიყვანეთ უკრაინელი ბავშვების კიდევ ერთი ჯგუფი, ამჯერად ქალაქ მიკოლაევიდან, რომელიც დაბომბვების შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა, დაზიანდა მათი სახლები, სკოლა და ეს ახალგაზრდები სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში თავშესაფარში იმყოფებოდნენ. ახლა ისინი არიან თბილისში, აქ თითქმის 2 კვირას გაატარებენ დინამოს აკადემიის ბაზაზე. საინტერესო პროგრამა მოვამზადეთ მათთვის, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა ამ ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათ ოჯახებს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.