14 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
გაუგებარია, უმრავლესობა რატომ არ უჭერს მხარს ამ კომისიის მიერ საუკეთესოდ შეფასებულ კანდიდატებს, მაგრამ მოცემულობა მოცემულობაა - დავით უსუფაშვილი ომბუდსმენზე

პარლამენტმა ომბუდსმენი ვერ აირჩია. 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა, რადგან 90 ხმა, არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ აქვს. კონსულტაციები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარი, თუ რატომ არ უჭერს უმრავლესობა მხარს კომისიის მიერ საუკეთესოდ შეფასებულ კანდიდატებს:

"შეიქმნა შემფასებელი კომისია, "ლელო" მხარს უჭერს ამ კომისიის მიერ საუკეთესოდ შეფასებულ კადიდატებს, ჩვენთვის გაუგებარია, უმრავლესობა რატომ არ უჭერს მხარს ამ კომისიის მიერ საუკეთესოდ შეფასებულ კანდიდატებს. მაგრამ მოცემულობა მოცემულობაა, თუ ვერ გავა ეს წინადადებები, გაზაფხულისთვის უკეთ ვიმუშავებთ ყველანი, რომ მივიღოთ კარგი სახალხო დამცველი,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი კოლეგებს მოუწოდებს, ერთმანეთისთვის გადაბრალებას მოეშვან:

"მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ერთმანეთს არაფერი არ დავაბრალოთ. გასაგებია სიტუაცია, რომ პრინციპულად მიდგომა იყო არასწორი, ზოგადად, დავიწყეთ ვაჭრობა პერსონებზე და პერსონებზე ვერ შევთანხმდებოდით, რადგან ვიღაც დამარცხებული გამოვიდოდა აქედან და ვიღაც გამარჯვებული და მე თქვენი მესმის, არავის უნდა დამარცხება. მინიმუმ, ის მაინც გავაკეთოთ შემდეგ ჯერზე, რომ პოლიტიკური პოზიციები დავაფიქსიროთ, რა გინდათ ამ სახალხო დამცველისგან რომ ვთქვათ, ბოლოს და ბოლოს და ამის მიხედვით ავარჩიოთ კანდიდატები,"- აცხადებს რაქვიაშვილი. 

დღის ამბები