საკანონმდებლო ორგანოში დღეს, სიტყვით დეპუტატები გამოვიდნენ, ერთ-ერთი მათგანი იყო სალომე სამადაშვილი, რომელმაც საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათ პრეზიდენტს ზელენსკი არ მოიწვიეს საქართველოს პარლამენტში:
"გუშინ ყველამ იხილა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავისუფალი მსოფლიოს დედაქალაქში როგორი ოვაციით შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის.
მიმაჩნია რომ ამ ქვეყნის და ამ პარლამენტის სირცხვილია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ლელო“ გამოვიდა ინიციატივით, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მოწვეული ყოფილიყო სიტყვით გამოსვლისთვის ჩვენს პარლამენტში, ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, თქვენ დღემდე ვერ გაბედეთ ამის გაკეთება," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაზეც მას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა:
"მადლობა ქალბატონო სალომე,თქვენი ეს გამოსვლაც აჩვენებს, რომ ნამდვილი მეგობარი ხართ საქართველოსი და უკრაინის, გეტყობათ,"- უპასუხა სამადაშვილს პაპუაშვილმა.
სალომე სამადაშვილს ასევე უპასუხა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუამაც, რომელმაც მას "ხელმოცარული დიპლომატი" უწოდა და ამის მაგალითად ევროსაბჭოს რეზოლუცია მოიყვანა.
"ხელმოცარული დიპლომატი აქ რომ მორალს გვიკითხავს, ევროსაბჭოს რეზოლუციას ვინც ხელი მოაწერა, ამის გუნდმა სადაც ქართველ ბიჭებს დააბრალეს ომი. კეთილი ინებე ხელმოცარული დიპლომატი რომ ხარ ჩუმად მაინც იყავი, არ გახსენებთ ამას, ადექი და წადი რა,"- აცხადებს ირაკლი ზარქუა.