საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ხელისუფლების ოპონენტებს მოუწოდა, რომ შეწყვიტონ ზეწოლა და ხელის შეშლა ექიმებისთვის. როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, სახელმწიფო სრულ მზადყოფნას გამოხატავს, რათა ექსპრეზიდენტმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა.
ამასთან, "ოცნების" ლიდერს არ სჯერა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, მათ შორის მელიას და ხაბეიშვილს არ რეალურად აღელვებთ სააკაშვილის მდგომარეობა და ისინი მხოლოდ დაფინანსებისთვის იბრძვიან.
"სასამართლო პროცესი არანაირად არ უშლის ხელს და არ აფერხებს სამედიცინო მომსახურების მიწოდების და ჯანმრთელობის დაცვის პროცესს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ითანამშრომლოს ექიმებთან, შეასრულოს ის რეკომენდაციები რომლებიც მკურნალობას და კვებას უკავშირდება,რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს და თითოეულ ადამიანს, ვინც პატიმრობაში იმყოფება, ვუსურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მის კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ შეწყვიტონ ზეწოლა, ხელის შეშლა ექიმებისთვის, რომ მას აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო მომსახურება, რისთვისაც სახელმწიფო სრულ მზადყოფნას გამოხატავს. არც მე და არც საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ სჯერა, რომ მელიას, ხაბეიშვილს და სხვებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით თანამდებობისთვის, გავლენებისა და შიდა დაფინანსებითვის იბრძვიან, რეალურად აინტერესებთ რომელიმე პატიმრის ან პატირობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ეს მათი მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. სააკაშვილის ოჯახსაც კი არ სჯერა, მათი განცხადებების და მათი გულწრფელი თანადგომის,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.