14 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
სააკაშვილის სასამართლო, რომელიც 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა - რით დასრულდა ხმაურიანი პროცესი და დაკმაყოფილდა თუ არა ექსპრეზიდენტის დაცვის მხარის შუამდგომლობა

ადვოკატების და ოჯახის წევრების ხანგრძლივი მოთხოვნის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად, პირდაპირი ტრანსლაციით ჩართეს. სხდომის დასაწყისში, ის რამდენიმე წუთის განმავლობაში მხარეთა შუამდგომლობებს ისმენდა, როდესაც სიტყვის წარმოთქმის უფლება მისცეს, მიმართვა უკრაინულ ენაზე დაიწყო.

რამდენჯერმე მოწოდების მიუხედავად, საუბარს კვლავ უკრაინულად განაგრძობდა და ამბობდა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა - გაფრთხილების შესაბამისად, მისი ჩართვა მოსამართლემ მალევე გათიშა. გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოყვა. ტექნიკური შესვენების შემდეგ კი გაირკვა, რომ ჩართვა აღარ გაგრძელდებოდა.

ბრალდების მხარის და პენიტენციური სამსახურის მიერ, როგორც დღევანდელი, ასევე მიხეილ სააკაშვილის წარსული ქმედებები, რომელიც გავრცელებულ კადრებში ჩანდა, სიმულაციად შეფასდა.

სწორედ ამიტომ, მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესასწავლად 3 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბიუროს ახალი დასკვნები მოემზადებინა. ეს შუამდგომლობა ახალი ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა. ადვოკატმა მიკერძოებულ მიდგომებში, როგორც სამხარაულის ექსერტიზის ბიურო, ასევე ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი დაადანაშაულა.

მოსამართლემ დამატებითი ექსპერტიზების დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. პროცესი იმ ექსპერტებისა და სპეციალისტების მოსმენით გაგრძელდა, რომლებმაც სააკაშვილის მდგომარეობა უკვე გამოიკვლიეს. მათ შორის იყო ამერიკელი ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი, რომელიც კითხვებს თითქმის 5 საათის განმავლობაში პასუხობდა.

ამერიკელი ფსიქიატრი ქართველი კოლეგების, მათ შორის "ვივამედის" ექიმების დასკვნებს, ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე დოკუმენტებშია აღწერილი. ამასთან, ის ირწმუნება, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, სააკაშვილს დასავლეთში ინტენსიური მკურნალობა სჭირდება. ამ პოზიციას იზიარებენ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც. ამასთან, ისინი აპროტესტებენ ფაქტს, რომ დღეს მსჯავრდებულს სიტყვის დასრულების უფლება არ მიეცა.

დღევანდელი პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში თუ დერეფნებში, მრავლად იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული მათი შემდეგი აქტივობები და პარტიის სტრატეგიაც კი.

მთავარი შუამდგომლობა, რომელიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დააყენა, მისი ჯანმრთელობის გათვალისწინებით საპატიმრო სასჯელის გაუქმებას ან მისი აღსრულების გადავადებას გულისხმობს. საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად, დღეს მოსამართლეს არც თანხმობა უთქვამს და არც უარი. ვიდრე გადაწყვეტილება მიიღება, სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად უნდა შეისწავლონ. ასევე უნდა გამოიკითხოს ყველა მოწმე, რომელიც დასკვნებზეა პასუხისმგებელი.

დღის ამბები