შეწყვეტს თუ არა პროტესტის უკიდურეს ფორმას დავით კირკიტაძე- ოპოზიციონერი შიმშილობის მე-8 დღეს ჰოსპიტალიზებულია.
გვიან ღამით, პარლამენტის შენობაში მედიკოსები "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მოთხოვნის საფუძველზე მივიდნენ.
ფრაქციის წევრები ამბობენ, რომ კირკიტაძის ჯანმრთელობის ყველა პარამეტრი გაუარესებულია. მან საკანონმდებლო ორგანოს შენობა ეტლის დახმარებით დატოვა.
პარტიაში, ასევე აცხადებენ რომ საყურადღებოა ანა წითლიძის მდგომარეობაც.
"როგორც ექიმებმა თქვეს, ყველა პარამეტრი აქვს გაუარესებული, მათ შორის კალიუმის ძალიან დაბალი მაჩვენებელი და პრაქტიკულად უკვე შეუძლებელი იყო მხოლოდ ასე დაკვირვება. ამიტომ, რა თქმა უნდა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იგი გადავიდეს საავადმყოფოში. ასევე ძალიან მაშფოთებს ანის და თემურის ჯანმრთელობა. ანის აქვს წონაში კლება, რაც ამ ეტაპზე არის მძიმე,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მიმართეს.