ხმაურის ფონზე დაიწყო საკრებულოს სხდომა თბილისშიც - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომის დაწყებისას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი გაშალეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა - ისმოდა ურთიერთბრალდებები.
ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მანამდე, რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სიტყვიერი დაპირისპირება და კამათი "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართული ოცნების" წევრებს შორის.
რა არის რეალურად მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი, რის საფუძველზეც ითხოვს "ნაციონალური მოძრაობა" მისი სასჯელისგან გათავისუფლებას და რატომ არ უნდა აგოს მან დანაშაულებისთვის პასუხი, რის გამოც ის მსჯავრდებული და ბრალდებულია - სწორედ ამ კითხვებთან დაკავშირებით გაიმართა ცხარე დებატები დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
"თხოვნა მექნება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ გააცნობიეროს, რომ რეალურად ეს არის ქვეყნის პრობლემა, იმ ქვეყნის პრობლემა, რომლის პრეზიდენტიც და უმაღლესი მთავარსარდალი თვითონ არის და უახლოეს პერიოდში მიიღოს არა გიორგი ონიანისთვის, არა "ნაციონალური მოძრაობისთვის", ამ ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოო ჯამში მოემსახურება თითოეული ჩვენთაგანის შვილების, მეგობრების, მეზობლების და ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტიას," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ონიანმა.
ამ განცხადებას "ქართული ოცნების" მხრიდან რეპლიკები მოჰყვა, იყო დებატები თემაზე რეალურად არის თუ არა მძიმედ მიხეილ სააკაშვილი.
"ეს არის სახელმწიფო და სახელმწიფოს აქვს თავისი სუვერენიტეტი, თავისი სახელმწიფოებრიობა. მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულებზე და არავინ არ არის იმის მოსურნე, რომ ვინმე მოკლან ციხეში, რა სიგიჟე და აბსოლუტური არასწორი გაგებაა. რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას პრეზიდენტის ან ნებისმიერი პატიმრის წამება და სიკვდილი?! ეს არის სრული სისულელე. მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე და ვერ დაუსხლტება მართლმსაჯულებას, დამთავრდა," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ.
მას შემდეგ, რაც დარბაზში დასრულდება პოლიტიკური განცხადებები, საკრებულოს წევრები იმსჯელებენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ 40 საკითხზე. ამ საკითხებს შორის პირველი არის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა.