წალენჯიხის მერიამ ბაღებიდან გათავისუფლებას გადარჩენილ თანამშრომლებს საახალწლო პრემიები დაურიგა, რაც მუნიციპალიტეტში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
13 000 ლარი, რომელზეც წალენჯიხის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი საუბრობს, პრემიის სახით ადმინისტრაციის თანამშრომლებს მისცა. თუმცა ლანა შენგელია რამდენიმე თვის წინ, ბაღებიდან 36 თანამშრომლის გაშვების მიზეზად, სწორედ თანხების დაზოგვას ასახელებდა. სააგენტოს ხელმძღვანელი დღეს ამბობს, რომ ე.წ. მეცამეტე ხელფასის თანხის რაოდენობა მიზერულია და ეს ბაღებში დასაქმებულების ანაზღაურებისთვის საკმარისი ვერ იქნებოდა.
საბავშვო ბაღებში თანამშრომლების შემცირება, წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის გადაწყვეტილებით მოხდა. სააღმზრდელო დაწესებულებების უკვე ყოფილი თანამშრომლები გათავისუფლებასაც და პრემიის გაცემასაც, უსამართლოდ თვლიან. ეს ბოლო ფაქტი მათთვის იმის დამადასტურებელია, რომ სამსახურებიდან არა ფინანსების დაზოგვის მიზნით, არამედ პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს.
წალენჯიხის მერია მის დაქვემდებარებაში არსებული სააგენტოს თანამშრომლების ფინანსურ წახალისებაზე პასუხისმგებლობას იხსნის. მერის მოადგილე ამბობს, რომ პრემიების გაცემის გადაწყვეტილება ბაღების გაერთიანებამ მათთან შეუთანხმებლად, დამოუკიდებლად მიიღო. ვანო ბურდული იმასაც ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ნიშნით არავინ გაუთავისუფლებიათ.
წალენჯიხის საკრებულოს წევრები "ქართული ოცნებიდან" კი აცხადებენ, რომ სააგენტომ პრემიები გათავისუფლებული თანამშრომლების ხელფასების ხარჯზე გასცა. ამბობენ იმასაც, რომ მერია თანხებს სხვა მიმართულებითაც არამიზნობრივად ხარჯავს.
წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა 36 თანამშრომელი სასწავლო წლის დასაწყისში გაათავისუფლა. საქმეზე სამართლებრივი დავა დაწყებულია.