"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი მისი თანაპარტიელების და აქტივისტების დევნაზე საუბრობს. როგორც ლევან ხაბეიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ, სასამართლოს ეზოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დააკავეს.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლება მათ შვიდწლიანი პატიმრობით ემუქრება.
"ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარეს ხელვაჩაურის, ასევე ლოჯისტიკის და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე და ასევე აქტივისტებზე წარმოებს სისხლის სამართლებრივი დევნა. აპირებენ, ამ ადამიანების დაკავებას და 4-დან 7 წლამდე მუხლის მიყენებას მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი აპროტესტებენ მკვლელ რეჟიმს. მინდა მოვუწოდო ყველა საგამოძიებო მოქმედებაში ჩართულ ადამიანს, რომ ამ ადამიანების უსამართლო დევნაზე ისინი სამართლებრივად იქნებიან პასუხისმგებლები და აუცილებელია მათ გაუწიონ წინააღმდეგობა, მათ ხელმძღვანელებს," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ამ ბრალდებას ტყუილი უწოდეს "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, ბრიფინგზე დასახელებული პირები პოლიციამ სამართალდარღვევის გამო დააკავა, თუმცა ისინი გირაოს სანაცვლოდ მალევე გათავისუფლდნენ.
"როდესაც სახელმწიფო მანქანას წინ გადაუდგები, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას ეკუთვნი, ბუნებრივია, ითვალისწინებს კანონმდებლობა შესაბამის რეაგირებას. მე მგონი, თავმჯდომარეობის კანდიდატი იტყუება იმიტომ, რომ როდესაც ბათუმში ჩვენ ვნახეთ ის სცენა, ის ადამიანი შემდეგ იყო დაკავებული და თუ არ ვცდები, დააჯარიმეს და შემდეგ აღკვეთის ღონისძიება გირაო შეუფარდეს და ა.შ. ასე, რომ ყველა რეაგირებაზე, ყველა ამგვარ ქცევაზე არის შესაბამისი რეაგირება," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.