14 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
2022 წლის ამბასადორიალი, მიღწევები და გამოწვევები - საქართველოს ყველა დიპლომატიური მისია თბილისში იკრიბება

ამბასადორიალი 2022 - ტრადიციულად, წლის ბოლოს, თბილისში იკრიბება საქართველოს ყველა დიპლომატიური მისია და მათ, როგორც წესი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე უნდა იმსჯელონ. ამბასადორიალს ორი მიზანი აქვს: პირველი - ანალიზი, თუ როგორ მოახერხა ქვეყანამ საგარეო გამოწვევებთან ადაპტირება და მეორე - მომავალი წლის სამოქმედო გეგმის დასახვა. კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის პირველი დიპლომატია, მონაწილეები კი ელჩები, რომლებიც ტრადიციულად წელიწადის ამ დროს სამშობლოში სტუმრად ჩამოდიან.

საკუთარ გამოსვლაში, წლის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა. მთავარ გამოწვევად დასახელდა რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც მოცემულობა მთელ მსოფლიოში შეცვალა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ქვეყნის ხელისუფლების მიდგომები ომში მყოფ ქვეყანასთან დაკავშირებით.

პრემიერის შეფასებით, საფრთხეების გათვალისწინებით,  ქვეყანამ საუკეთესო შედეგების მიღწევა შეძლო, რაც ევროპული პერსპექტივის მიღებასთან ერთად, ეკონომიკის ზრდაში გამოიხატა. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავდა, რომ ამ შედეგების მიღწევაში დიპლომატების როლი გამორჩეული იყო.

რეგიონალური ენერგოპროექტები, ევროპული პერსპექტივა და უსაფრთხოების პოლიტიკა ომის ფონზე - მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის კოორდინაციასთან ერთად ყველა თანხმდება, რომ განსაკუთრებული როლი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას აქვს. დღეს, ელჩებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ და თავის მხრივ, მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

მაშინ, როდესაც მოცემულობა მთელ მსოფლიოში იცვლება და ქვეყნისთვის ისტორიულად გარდამტეხი პერიოდი დგას, დიპლომატიური კორპუსის მისია გამორჩეულია. ამას ამბობდნენ დღეს კონფერენციის მონაწილე ელჩებიც, რომლებიც მომავალი წლისთვის ხელშესახებ შედეგებს ელოდებიან.

საჯარო გამოსვლების და მედიასთან შეხვედრის შემდეგ ამბასადორიალი პრემიერმინისტრთან დახურული შეხვედრით გაგრძელდა, სადაც ელჩებმა კონკრეტული დავალებები მიიღეს. კონფერენცია ორდღიანი სამუშაო სესიების შემდეგ დასრულდება.

 

დღის ამბები