წლის მთავარ დიპლომატიურ ღონისძიებას პრეზიდენტი არ დაესწრო. ამბასადორიალში მონაწილეობაზე უარი, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ მალევე საგარეო უწყების პროტოკოლის სამსახურის კრიტიკით ახსნა. ყოფილმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტი სტატუსის შესაბამისი ადგილის არ ქონის გამო გამოუცხადა. ზურაბიშვილი უკმაყოფილია მმართველი გუნდის მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელითაც.
პრეზიდენტის მიერ დასახელებული მიზეზი ბუნდოვანია მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში, რომელმაც წარსულში ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, მისი გულწრფელობის არ სჯერათ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე უარს, უფრო დეტალური განმარტება სჭირდება.
ზურაბიშვილის პროტესტი სრულიად მისაღებია ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის. წარსულში მეხუთე პრეზიდენტის პოლიტიკური ვექტორის ღია კრიტიკოსები დღეს ამბობდნე, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს. პოლიტიკოსების აზრით, ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო კურსით სამართლიანად უკმაყოფილოა.
კოლეგებისგან განსხვავებულია გირჩის პოზიცია და პრეზიდენტის მხრიდამ პროტოკოლზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევენ. მათ აზრით, ამბასადორიალის ინცინდენტი ხელისუფლების შტოებს შორის არსებული გაუგებრობის მტკიცებულებაა.
ელჩების კონფერენციის უგულვებელყოფის ნაცვლად, პრეზიდენტის მხრიდან შინაარსობრივი მონაწილეობის მოლოდინი ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლებმა მთავარსარდალს და ოპონენტებს დღეს შეახსენეს, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ერთიანი პოზიცია სჭირდება.
დღის ბოლოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას საგარეო საქმეთა სამინისტროდანაც გამოეხმაურენ. საგარეო უწყებაში ამტკიცებენ, რომ ამბასადორიალზე სკამების განლაგება საერთაშაორისო პროტოკოლის დაცვით მოხდა.
ამბასადორიალი საქართველოში ტრადიციულად წლის მიწურულს იმართება. საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან შეხვედრას და კონფერენციას წელს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირები პრეზიდენტის გარეშე დაესწრნენ.