14 ნოემბერი 2024,   21:12
ვრცლად
შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტი მეორე ბაქო-ჯეიჰანი-თბილისის პროექტია, ეს არის ელექტროენერგიის გარანტირებული რეალიზაციის საშუალება - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტზეც ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, ეს არის ისტორიული პროექტი, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული პროექტი არის ელექტროენერგიის რეალიზაციის გარანტირებული საშუალება, ევროკავშირის ენერგოსისტემასთან პირდაპირი დაკავშირება.

"ჩვენ წარმატებული ნაბიჯი გადავდგით, მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი ბუქარესტში, სადაც ისტორიულ პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი. ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ინიციატივა, ჩვენ მიერ მიტანილი ინიციატივა ევროკავშირში, ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან. ჩვენ რუმინეთთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომელსაც შეუერთდა აზერბაიჯანი, უნგრეთი და სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს ევროკავშირის მხრიდან. მოგეხსენებათ, ქალბატონი ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა ჩვენთან ერთად ბუქარესტში და საზეიმოდ აღვნიშნეთ ამ პროექტის დაწყება. სულ მალე, რამდენიმე თვეში დასრულდება კვლევები, ე.წ. ფიზიბილითი და ამის შემდეგ აქტიურ სამუშაოებზე გადავალთ. რას მოუტანს ეს ქვეყანას? შეიძლება ითქვას, რომ ეს მეორე ბაქო-ჯეიჰანი-თბილისის პროექტია, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ელექტროენერგიის გარანტირებული რეალიზაციის საშუალება, ეს არის ჩვენი ენერგოსისტემის ევროკავშირის ენერგოსისტემასთან პირდაპირი დაკავშირება და ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. დაახლოებით 2-3 მილიარდი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი და ამ პროექტს განვახორციელებთ ჩვენ ყველანი ერთად, ის ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ მემორანდუმს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, აუცილებელია, საქართველოს ჰქონდეს ელექტროენერგიის შესაბამისი გამომუშავება, ამიტომ გვჭირდება გენერაციის ობიექტების განვითარება, აშენება, როგორც ქარის, მზის, ჰიდროელექტროსადგურების, ასევე, თბოსადგურების, რომ ჩვენ ჩვენი წილი ელექტროენერგია გავყიდოთ ევროკავშირში, რაც ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, საბოლოო ჯამში, ჩვენს ხალხზე აისახება ეს სიკეთე. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ეკონომიკის ზრდა წინ უსწრებს გენერაციის გამომუშავებას, აუცილებელია, ეს პროპორციები პირიქით შევატრიალოთ. გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები