ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში 10 მლრდ დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ეს გააზრებული გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობის მიზანია, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგება.
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობიანი პოლიტიკის გაგრძელება, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ჩვენი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება. ჩვენი მიზანია, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგება. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრს აკეთებს თეა ახვლედიანის უწყება პარლამენტთან ერთად. ძალიან ბევრს ვეხმარებით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ძმებს და დებს. ამის თაობაზე ჩვენ საჯაროდ არ ვსაუბრობთ. ეს არის შეგნებული, გააზრებული პოლიტიკა იმიტომ, რომ არ გვსურს ამის აფიშირება, თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით. მაგალითად, 230 სტუდენტი ჩაირიცხა გასულ წელს, 1 300-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის სერვისებით და, რა თქმა უნდა, ეს დახმარებები გაგრძელდება",-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველაზე მთავარი ამოცანა და იდეა, რომლის გარშემოც ერი უნდა გაერთიანდეს, არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება.
"საუბედუროდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე საუბრობენ ქვეყნისთვის, ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარდა. მოგეხსენებათ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი, რამდენიმე ასეულ, თუ არ ვცდები, 800 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან სრულად დოტაციაზეა მათი ეს ბიუჯეტი. ჩვენი აფხაზი, ოსი ძმებისთვის და დებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მლრდ დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება. ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე მსჯელობა გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე.
აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აფხაზეთს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს მეორე მონაკო, და სოხუმი, შეიძლება ითქვას, გახდეს მეორე მონტე კარლო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი. ჩვენ გვინდა, ამდენი ომით მიღებული ჭრილობები მოვიშუშოთ. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება. გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის დასრულება და შერიგება იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში, ევროპულ საქართველოში", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.