პრეზიდენტი დღეს არც პრემიერ - მინისტრის მოხსენებაზე იმყოფებოდა. რა იყო პროტოკოლით გათვალისწინებული, ეს დღეს აქტუალური არ გამხდარა.
განხილვის მთავარი თემა ისევ გუშინდელი ამბასადორიალია, სადაც სკამები ისე არ დადგეს როგორც ეს ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნოდა.
როგორც აღმოჩნდა, სალომე ზურაბიშვილს ადგილი ირაკლი ღარიბაშვილსა და შალვა პაპუაშვილს შორის მიუჩინეს, მას კი მის გვერდით ილია დარჩიაშვილის ნახვა სურდა.
ამბასადორიალზე არ მისვლის ოფიციალური მიზეზად "პროტოკოლის დარღვევის" დასახელება ბევრისთვის მხოლოდ საბაბია. პოლიტიკოსთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რამეებზეა ნაწყენი.
კონკრეტიკისგან დღეს ყველა თავს იკავებს, თუმცა ყველა ხედავს, რომ პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის შავი კატა მოძრაობს.
პრეზიდენტის უარი, არ დასწრებოდა მთავარ დიპლომატიურ ღონისძიებას, პოლიტიკოსებმა სხვადასხვაგვარად აღიქვეს. ოპოზიციის ერთმა ნაწილმა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სწორად მიიჩნია. "ნაციონალური მოძრაობა" ფიქრობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ამ ჟესტით იმ დამოკიდებულებას უპასუხა, რომელიც მისი მისამართით სახელისუფლებო გუნდს ააქვს.
ოპოზიციის მეორე ნაწილში პოზიცია განსხვავებულია. ოპონენტთა ეს ჯგუფი ფიქრობს, რომ მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში პროტოკოლზე საუბარი არასერიოზულია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას უარის მიზეზებზე დღეს აღარ უსაუბრია, თუმცა განმარტება, რომელიც გუშინ გაკეთდა, არაგულწრფელი აღმოჩნდა პარლამენტის წევრების ნაწილისთვის, მათ შორის "ხალხის ძალისთვის", სადაც მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა დააკნინა როგორც საკუთარი ინსტიტუცია, ასევე ის საზოგადოება, რომელმაც რამდენიმე წლის წინ არჩევნებში მხარი სწორედ ზურაბიშვილს დაუჭირა.
პრეზიდენტის მხრიდან ბოიკოტის მიზეზებზე მეტ განმარტებას ელის მმართველი პარტია, სადაც მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია პროტოკოლს მხოლოდ საბაბად იყენებს. სახელისუფლებო გუნდში დღეს თქვეს, რომ პრეზიდენტის პროტესტმა მსგავსი ღონისძიებების მიმართ მისი დამოკიდებულება გამოაჩინა.
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ ამბასადორიალში მონაწილეობის მიღებაზე უარის მიზეზად პროტოკოლის დარღვევა დაასახელა. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტი სტატუსის შესაბამისი ადგილის არ ქონის გამო გამოუცხადა. თავად საგარეო უწყებაში ადმინისტრაციის პასუხად თქვეს, რომ ამბასადორიალზე სკამების განლაგება საერთაშორისო პროტოკოლის დაცვით მოხდა.