სალომე ზურაბიშვილი დღეს მის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან გავიდა, რომლებიც პრეზიდენტისგან მოითხოვენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
"აქ რომ მოვარდით" … – ასე დაიწყო პრეზიდენტმა თავისი მიმართვა, რასაც დემონსტრანტების უარყოფითი რეაქციები და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა.
"აქ, რომ მოვარდით ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე.. მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები; სად იყვნენ, როცა ვიდექი ქუჩაში. მე გეტყვით სად იყვნენ ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს, იყვნენ ან მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებულნი სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ "ქართუ" ბანკში. ისინი, ვინც დღეს მესიჯბოქსებს ავრცელებენ, თურმე იციან მე რას გავაკეთებ, თურმე იციან როდის და რატომ გავაკეთებ.
მინდა კიდევ ერთი რამე გითხრათ, ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ? ეს არ არის შეწყალება? სად ხართ, როდის გააპროტესტეთ? ძალიან დიდი მადლობა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"არ შეიწყალო კრიმინალი" - ამ ლოზუნგით ორბელიანების სასახლესთან დღის სამ საათზე შეიკრიბნენ - ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის და გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრები, ასევე მათი თანამოაზრეები მოითხოვენ სალომე ზურაბიშვილისგან არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.