"არ შეიწყალო კრიმინალი" - ამ ლოზუნგით ორბელიანის სასახლესთან აქცია იმართება.
ორბელიანების სასახლესთან დღის 15:00 საათზე შეიკრიბნენ ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის და გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრები, ასევე მათი თანამოაზრეები. ისინი მოითხოვენ სალომე ზურაბიშვილისგან არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
"ვის ეუბნებით მოვარდიო, იმას ეუბნებით, 18 წლის ბიჭი მიწაში რომ ჩადო?! ცოტა დაფიქრდით," – ამბობს სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციებს არ დაასრულებენ მანამ, სანამ პრეზიდენტს არ "გააგდებენ".
"მეორედ რომ მოვალთ, არ წავალთ, სანამ ამას არ გავაგდებთ აქედან. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი და პირობას გაძლევ, რომ დიდხანს ვერ გაქაჩავ შენ," - აცხადებს ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე.
აქციის მონაწილეები სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას ითხოვენ.
"დღესვე ხელისუფლებამ გლდანის ციხეში გადაიყვანოს ეს ნაძირალა სიმულიანტი.." - ამბობს აქციის ერთ-ერთი წევრი.
ასევე, მათი თქმით, პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალება უმსგავსო საქციელი და შეცდომა იქნება.
"მემგონი გადაწყვეტილი აქვს უმსგავსობა ჩაიდინოს და ასეთი პასუხი, ამდენი ხალხის წინაშე, არ გეტყვითო, აბა ვინ უნდა მითხრას. თუ გაათავისუფლებს, პრეზიდენტი ჩაიდენს მაგაზე უფრო დიდ დანაშაულს ჩაიდენს, ხალხისა და სამშობლოს წინაშე," - განაცხადა სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა.
ბრიფინგამდე, სალომე ზურაბიშვილი პირადად გავიდა აქციის მონაწილეებთან. "აქ რომ მოვარდით" … – ასე დაიწყო პრეზიდენტმა თავისი მიმართვა, რასაც დემონსტრანტების უარყოფითი რეაქციები და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა.