მიზანმიმართული ზეწოლა პრეზიდენტზე - ასე შეაფასა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან გამართული აქცია და მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე გაკეთებული განცხადებები. მედიასთან შეხვედრა ადმინისტრაციაში მას შემდეგ დაინიშნა, რაც სალომე ზურაბიშვილი ეზოში აქციის მონაწილეებთან გავიდა. მან სიტყვა უკვე შენობაში, სპეციალურ ბრიფინგზე დაასრულა. თქვა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დაზარალებულ ოჯახებთან ერთად წლების განმავლობაში იბრძოდა, თუმცა დღეს გამართულ აქციას მან მართული უწოდა. პრეზიდენტმა ასევე მწვავედ გააკრიტიკა მოქმედი ხელისუფლებაც.
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის დასრულებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები ელოდებოდნენ, რომლებმაც მისი განცხადებები შეაფასეს. ისინი ამბობენ, რომ შეურაცხმყოფელი იყო მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება. თქვეს, რომ ისინი დღეს საპროტესტო აქციაზე პირადმა ტრაგედიებმა მოიყვანეს.
"ამდენი ადამიანი როგორ შეიძლება ხელისუფლებამ მართოს, უბრალოდ რაშია იცით საქმე, ვინ მართავს - მე სულხანის ტკივილმა მომიყვანა, ია თავისი შვილის ტკივილმა.
მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში დაიწყება თბილისში და მთლიანად საქართველოში სისხლის ღვრები, არეულობები და დესტაბილიზაცია, რაც უნდა მიხეილ სააკაშვილს.
როგორ შეიძლება მე მართული ვიყო, ძმა ჩამიდეს მიწაში, ადამიანმა მომიკლა ძმა, შვილები დაუხოცა ხალხს და ის ხალხი ვიყავით მოსული. უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ მართლა აპირებს შეწყალებას. ასეთ შემთხვევაში ვაპირებთ აქციებს," – აცხადებს სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი.
დღეს ასევე, ერთმა ნაწილმა არ გამორიცხა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამ განცხადებების შემდეგ შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალოს.
"თვით სალომე ზურაბიშვილია მართული და მე ის მაინტერესებს, ყველა პრეზიდენტი რატომ ხდება "ნაციონალი". არავითარი მოლოდინი პრეზიდენტის არ მაქვს კარგი. შემდეგ ის იქნება, რომ ნორმალურად დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე დადგება მთელი საქართველო. წინა ხელისუფლება - გველეშაპი, რომელიც ივანიშვილმა მოაცილა, არ შეეგუება ხალხი იმას, რომ ეს კრიმინალი ხელისუფლება, რომელიც გვყავდა 9 წელი და შეგვჭამა, ის დაბრუნდეს უკან," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.