სალომე ზურაბიშვილის მიმართვამ აქციის მონაწილეთა პროტესტი გამოიწვია. მთავარ ლოზუნგს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა.
"არა შეწყალებას" - ამ ლოზუნგით, ათონელის ქუჩაზე, ყოფილი ხელისუფლების დროს დაზარალებულები დღის 3 საათზე შეიკრიბნენ. თითოეული მათგანი კიდევ ერთხელ იხსენებდა იმ მძიმე ისტორიას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, მათი ოჯახის წევრებს შეემთხვათ.
აქციის დაწყებიდან ერთ საათში, შეკრებილებთან სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა. რეზიდენციის ეზოში პრეზიდენტის განცხადებას ხმაური და უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. შეკრებილები განსაკუთრებით იმ ფრაზამ გააღიზიანა, სადაც ზურაბიშვილმა აქციას პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა.
აქციის მონაწილეებს მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა უკვე ბრიფინგით უპასუხა. პროტესტის ფორმა ისევ გააკრიტიკა და პროცესის უკან, გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესზე მიანიშნა.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ზეწოლად და შანტაჟად შეაფასა.
პრეზიდენტის განცხადებები აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფად მიიღეს და უფრო მასშტაბური აქციები დააანონსეს.
აპირებს თუ არა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მთავარი შეკითხვა პრეზიდენტმა უპასუხოდ დატოვა.