14 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია Credit Suisse-ის მხრიდან პოლიტიკურ შანტაჟზე ღიად საუბრობს - გავრცელებულ წერილში ადვოკატები ტრასტების მხრიდან წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებებზეც საუბრობენ

ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია Credit Suisse-ის მხრიდან პოლიტიკურ შანტაჟზე ღიად საუბრობს. "ემქეიდიმ" დღეს შვეიცარიულ ბანკში ბიზნესმენის აქტივების შეფერხებასთან დაკავშირებით მორიგი წერილი გამოაქვეყნა. ტექსტში ნათქვამია, რომ მოგებული პროცესის შემდეგ სინგაპურის ტრასტიდან გარკვეული თანხა დეკემბრის მიწურულს გადმოირიცხა. ადვოკატებისთვის ეს ფაქტი იმის მტკიცებულებაა რომ საფინანსო ინსტიტუტი ოპერაციის შესრულების შესაფერხებლად ევროპარლამენტის რეზოლუციას მიზანმიმართულად იყენებდა.

გავრცელებულ წერილში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები Credit Suisse-ის ტრასტების მხრიდან წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებებზეც საუბრობენ. იმ ფონზე, როდესაც ივნისში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ბანკისთვის ტრანზაქციის შეფერხების არგუმენტად ერთი წელია სახელდება, ინტერესების დამცველებისთვის გაუგებარია რატომ გადაიხადა თანხის ნაწილი სინგაპურის ტრასტმა, მაშინ როდესაც ევროპულმა სათათბირომ მსგავსი შინაარსის ტექსტი დეკემბერშიც დაამტკიცა.

ემკეიდი 2022 წლის მარტიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილის აქტივებთან დაკავშირებით პრობლემებს რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და ომს უკავშირებს. ყოფილი პრემიერის ადვოკატები ყველა იმ საეჭვო გარემოებაზე საუბრობენ, რომელიც მათი აზრით, პოლიტიკურ შანტაჟს ადასტურებს.

ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური აქტივების მართვის პოლიტიკური მოტივით შეფერხებაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიციის ნაწილი.

ის ტრასტების მოქმედება კითხვის ნიშნებს კიდევ უფრო ამძაფრებს საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლების თქმით, ბანკის მხრიდან სამართლებრივი ნორმების სრული იგნორირება ამტკიცებს, რომ გარკვეულ ძალებს ბიძინა ივანიშვილზე შანტაჟით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი ამოძრავებს.

ბიძინა ივანიშვილს უკვე ერთი წელია შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-დან, კუთვნილი 2 მილიარდამდე თანხის განკარგვის საშუალება არ ეძლევა. ბიზნესმენი ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით რამდენიმე საერთაშორისო სასამართლოში დაობს.

 

 

 

 

დღის ამბები