14 ნოემბერი 2024,   21:10
ვრცლად
რატომ უწოდა ხატია დეკანოიძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დემარში - რა შეფასებები კეთდება საკითხზე

რატომ უწოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დემარში და რაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია მაშინ, როდესაც დიპლომატებს შეხვედრა არ დაუტოვებიათ - თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება.

საქმე ეხება გუშინ "ღამის კურიერის" ეთერში ხატია დეკანოიძის გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში ელჩები დემარშით მივიდნენ. 

თუ რა იგულისხმა მან და რა დამატებითი ინფორმაცია ჰქონდა აღნიშნულ შეკითხვაზე, დეკანოიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები დაინტერესებულები არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ისინი ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრში მივიდნენ. ამასთან, დეკანოიძის თქმით, ის, რომ მთავარი საკითხი მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა იყო, გერმანიის ელჩმა დაადასტურა. 

"დემარში არის დიპლომატიური, ძალიან მნიშვნელოვანი პროტოკოლის მიხედვით ელჩების შეხვედრა კონკრეტულად სახელმწიფოს წარმომადგენელთან, როდესაც ერთ კონკრეტულ საკითხზე მიდის საუბარი. ამას ჰქვია დემარში. მიდიან ელჩები, შემდეგ კითხულობენ იმ საკითხს, რომელიც აინტერესებთ. როგორც გერმანიის ელჩმა განაცხადა, ეს იყო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი ამ მიმართულებით, და, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ელჩებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

საკითხზე კომენტარი გააკეთა ენმ-ის კიდევ ერთმა წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა. მისი თქმით,  ევროპელი პარტნიორები მიხეილ სააკაშვილის საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. 

"ევროპული ქვეყნების ელჩები მივიდნენ იუსტიციის სამინისტროში მივიდნენ და მათ თვითონვე თქვეს, რომ საუბარი შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხს. თვითონ ეს გარემოებაც ნიშნავს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიხეილ სააკაშვილის საკითხს. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. მე ვიცი უბრალოდ რომ მთელი ევროპული საზოგადოება არის განწყობილი ისე, როგორც არის დაწერილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 

დღის ამბები