სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დილიდან შეფასებების თემაა. "მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა," - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს.
მიზანმიმართული ზეწოლა პრეზიდენტზე - ასე შეაფასა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან გამართული აქცია და მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე გაკეთებული განცხადებები. მან ხელისუფლებაც გააკრიტიკა.
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საჭიროა მკაფიო პასუხი. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პრეზიდენტი ორაზროვან განცხადებებს აკეთებს და სწორედ ამას უკავშირდება აქციის ჩატარება.
"კითხვის ნიშანი მოქალაქეებში თავად სალომე ზურაბიშვილმა გააჩინა და ეს კითხვის ნიშანი კიდევ უფრო გაამყარა მისი გაურკვეველი პოზიციით, რომ მან თქვა, რომ პასუხი იქნება მაშინ, როცა იქნება პასუხი. ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს პოზიცია ნათელი ყოფილიყო. როდესაც მყარი პოზიცია ჰქონდა პრეზიდენტს მან მკვეთრად განაცხადა, რომ ის არ შეიწყალებდა მიხეილ სააკაშვილს, ამიტომ ეს კითხვის ნიშანი კიდევ უფრო გაიზარდა.
მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ პრეზიდენტი არ აყვება მიხეილ სააკაშვილის სიმულაციის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს მის შეწყალებას. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დაფიქრდეს, უნდა გაუწიოს ანგარიში სამართალს, საზოგადოების განწყობას, პერსპექტივას, ქვეყნის სამართლებრივ და ასევე პოლიტიკურ მომავალს და მან უნდა მკვეთრად დააფიქსიროს მისი აუცილებელი პოზიცია," - განაცხადა პარლამენტის წევრი და საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალას" დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძემ.
პარლამენტის წევრი და პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ სააკაშვილის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის დისკრეციაა და მისი გადასაწყვეტია.
"ეს არის მისი დისკრეცია. მე პარლამენტის წევრი ვარ, ვერ მივუთითებ შეიწყალოს თუ არა, ეს არის სრულად მისი თავისუფლება, ქალბატონი ზურაბიშვილის გადასაწყვეტია და წერტილი. ასე, ამ მიმართულებით ზეწოლის მოხდენა არც მიზანშეწონილი არ არის, არც პოლიტიკურად სწორი არ მიმაჩნია.
რაც შეეხება აქციას, ძალიან ბევრი ოჯახი და ადამიანი გვახსოვს გამწარებული წინა რეჟიმის ხელისუფლების პირობებში და ამ ადამიანების ემოციური ნაწილი ჩემთვის არის სრულად გასაგები და მისაღები. ერთი ხელით ლანძღო ადამიანი და მეორე ხელით თხოვდე მას შეწყალებას, თავსებადი არ არის ხო," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.