"ღამის კურიერის" ეთერში ხატია დეკანოიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მიხეილ სააკაშვილის გამო დიპლომატიური კორპუსის სავარაუდო დემარშის შესახებ, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებლის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ხატია დეკანოიძემ დემარშის მნიშვნელობა არ იცის.
"საიდან იცის ხატია დეკანოიძემ, რომ ეს არის დემარში და მე ვფიქრობ, რომ მან არ იცის - დემარშის განმარტება. დემარშად შესაძლოა აღიქვა, როდესაც ეპატიჟები წარმომადგენლობას და ისინი ან მათი გარკვეული ნაწილი არ მოდის. მაგრამ როდესაც საკუთარი სურვილით ელჩები მიდიან სასჯელაღსრულების სისტემაში მინისტრთან და მინისტრის კარები არის ღია და საუბრის თემაც არის ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, მე ვფიქრობ რომ ეს უბრალოდ დემარშის სტანდარტში არ ჯდება," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, გუშინ "ღამის კურიერის" ეთერში ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში ელჩები დემარშით მივიდნენ.