"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე "ღამის კურიერში" გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ განმარტავს. გუშინ გადაცემაში დეკანოიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში ელჩები დემარშით მივიდნენ.
კითხვაზე, რა იგულისხმება "დემარშით" მისვლაში და რა დამატებითი ინფორმაცია იცის შეხვედრაზე - დეკანოიძე აცხადებს, რომ აღნიშნული სიტყვა დიპლომატიაში გამოიყენება. ამასთან, მისი ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და იუსტიციის მინისტრს შორის შეხვედრა სწორედ ელჩების ინიციატივით შედგა.
"მე სრულიად შეგნებულად ვთქვი ეს სიტყვა. დიპლომატიაში სიტყვა დემარში არის კონკრეტულად ერთი საკითხის გასარკვევად დიპლომატიური პროტოკოლით მისული ელჩები სახელმწიფოსთან. მე ვიცი, რომ ეს შეხვედრა შედგა ელჩების ინიციატივით," - განცხადა ხატია დეკანოიძემ.
საკითხს გამოეხმაურა "ლელო საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილიც.
"ევროკავშირის ელჩებმა თუ მოითხოვეს ერთობლივად იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა, ეს არის დიპლომატიური დემარში. მე არ ვიცი დეტალები, ამიტომ არ დეტალების განხილვაში ვერ შევალ. ჩვენ არ შეიძლება სათანადო მნიშვნელობა არ მივანიჭოთ ამ შეხვედრას," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.