"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურება "ღამის კურიერის" ეთერში ხატია დეკანოიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მიხეილ სააკაშვილის გამო დიპლომატიური კორპუსის სავარაუდო დემარშის შესახებ.
ირაკლი ქადაგიშვილი კონკრეტულ შეფასებას სპეკუალციას უწოდებს.
"როდესაც ელჩები ხვდებიან მინისტრს, ავტომატურად დემარშად რომ აცხადებს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი ყველა საკითხს სპეკულაციურად იყენებენ.
რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრას, მე ვფიქრობ, რომ ეს ადრეც რომ მომხდარიყო, კიდევ უკეთესი იქნებოდა იმისთვის, რომ ელჩებს პირველი წყაროდან ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე.
სააკაშვილის ჯანმრთლობასთან დაკავშირებით ჩვენ უამრავი სპეკუალციის მომსწრე ვართ. ზუსტი, ოფიციალურად აღიარებული დიაგნოზი ჩვენ არავის არ გვინახავს. ყველა თავის წილ განცხადებას აკეთებს იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ მომენტში რა უფრო აწყობს. თვითონ მსჯავრდებული და მისი ადვოკატებიც წინააღმდეგი არიან, რომ მას უფრო ჩაღრმავებული კვლევა ჩაუტარდეს საქართველოში," - აღნიშნა ირაკლი ქაგაგიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ "ღამის კურიერის" ეთერში ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში ელჩები დემარშით მივიდნენ.