14 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
შეიცვლება თუ არა ზურაბიშვილის პოზიცია "არა და არასოდეს" - მმართველი გუნდი ზურაბიშვილს რიტორიკას უწუნებს, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი კი პრეზიდენტს ხვდება

"პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა" - სალომე ზურაბიშვილის ამ გამონათქვამმა, ახალი კითხვები გააჩინა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი ექსპრეზიდენტს შეიწყალებს. ნიკა მელიამ დღეს საჯაროდ ისიც თქვა, რომ ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პირადადაც შეხვდა. საუბრის დეტალებს მელია არ აკონკრეტებს, თუმცა არ უარყოფს, რომ პრეზიდენტს უკვე რამდენჯერმე ესაუბრა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამართლიანი ნაბიჯი უნდა გადადგას და პირველ რიგში, სააკაშვილის რეჟიმის შედეგად დაზარალებულთა ინტერესები გაითვალისწინოს. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ სწორედ პრეზიდენტის ორაზროვანი პოზიცია იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოების ნაწილი მის რეზიდენციასთან შეიკრიბა. მათ მიმართ კი ზურაბიშვილის ტონი ქართული ოცნებისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.

რიტორიკასთან ერთად, მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმ განცხადებასაც აკრიტიკებს, რომლის თანახმადაც, ზურაბიშვილმა აქცია ზეწოლად შეაფასა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ორმაგი სტანდარტი გამოავლინა, როდესაც რეზიდენციასთან გამართულ შეკრებას ზეწოლა უწოდა, თუმცა მანამდე არაფერს ამბობდა ოპოზიციის მხრიდან ორგანიზებულ აქციებზე.

ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ ზეწოლა სწორედ შეწყალების დაჟინებული მოთხოვნაა, რომელსაც მათივე კოლეგები პოლიტიკური მიზნებისთვის მიმართავენ.

"არა და არასოდეს" - ეს პრეზიდენტის სიტყვებია, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საჯაროდ ჯერ კიდევ ივნისში თქვა. შეიცვალა თუ არა ეს პოზიცია - სალომე ზურაბიშვილმა, უცნობია. მისი თქმით, "პასუხი იქნება მაშინ როცა იქნება".

დღის ამბები