"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პრეზიდენტთან დაკავშირებულ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში უკვე მოჰყვა შეფასებები.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, კობახიძის განცხადებები შეთქმულების მორიგი თეორიაა.
"შეთქმულების მორიგი სულელური თეორიაა, რომ სალომე ზურაბიშვილზე გარდა პოლიტიკური გავლენისა, შეიძლება არსებობდეს რაღაც სხვა გავლენა. "ქართული ოცნება" შეეცდება მაქსიმალურად დაამციროს და გამოიყენოს ყველა ის მეთოდი, რასაც ვხედავდით ჩვენ დღემდე. მოქმედებენ კრიმინალური, "ქურდული" პრინციპით - ჩვენ დაგეხმარეთ არჩევნებში და ახლა ჩვენ უნდა გვემსახურო, დაახლოებით ასეთი მიდგომაა," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, "პრეზიდენტის ნეგატიური დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის" მიმართ შეცვლილია". "ქართული ოცნების" თავმჯდომარის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოქმედებს ისე, როგორც არ მოქმედებდა მანამდე, ოთხი წლის განმავლობაში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოთხი წლის წინ პრეზიდენტს აბსოლუტურად განსხვავებული, ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა "ნაცმოძრაობის" მიმართ. მისი თქმით, დღეს განწყობები შეცვლილია და ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს მასზე გარედან არსებულ პოლიტიკურ გავლენაზე მეტს. ზურაბიშვილი "ნაცმოძრაობის" წევრებს ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორც მიმართა შვილმკვდარ დედებს და ოჯახებს, რატომ მომივარდითო, მათ არ ეუბნება - განაცხადა კობახიძემ ერთ-ერთ მედიასთან საუბრის დროს.