14 ნოემბერი 2024,   21:17
ვრცლად
"ხალხის ძალის" საკანონმდებლო ინიციატივებს ოპოზიციაში კრიტიკული შეფასებები მოყვა

"ხალხის ძალის" საკანონმდებლო ინიციატივები პოლიტიკური შეფასებების თემაა. მოძრაობა ასრულებს მუშაობას კანონპროექტზე, რომლითაც "უცხოური აგენტების" რეესტრში დარეგისტრირება მოუწევთ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ.

"ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ კანონპროექტი ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება და ასევე მასში დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აისახება.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ თავად სოზარ სუბარსაც მიუღია ბევრი დაფინანსება, როდესაც ის არასამთავრობო სექტორში იყო.

"სხვათა შორის, ძალიან ბევრი დაფინანსება მიუღია უცხოეთიდან სოზარ სუბარსაც, როდესაც ის იყო არასამთავრობო სექტორში და როდესაც იყო სახალხო დამცველი. მას უწესდება შეზღუდვები, დამატებითი მოთხოვნები და ა.შ. ეს არის პირდაპირ ხელის შეშლა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა," - აცხადებს რომან გოცირიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე "ხალხის ძალის" ინიციატივას დამამცირებელს უწოდებს.  

"ეს არის დამამცირებელი ადამიანზე, რომელიც დემოკრატიისთვის მუშაობს, რომელიც სიტყვის თავისუფლებისთვის, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებებისთვის, ამ ხალხს უწოდო უცხოეთის აგენტები. უცხოეთის აგენტებიც არიან და მავნებლებიც არიან," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

ინიციატივა იანვარში დარეგისტრირდება. ამასთან ცნობილი გახდა, რომ დეპუტატების ეს ჯგუფი მუშაობს კანონპროექტზეც, რომელიც "მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს". 

 

დღის ამბები