ერთი დღე ქალთა ციხეში - კურიერმა საპატიმროში ექსკლუზიურად გადაიღო საშობაო მზადება. ქალმა მსჯავრდებულებმა შობა-ახალი წლისთვის დადგეს თეატრალური წარმოდგენა, ქართული და ბოშური ცეკვები. შეიქმნა ანსამბლი მთის ძირი, რომელმაც საგალობელი შეასრულა. ღონისძიების ორგანიზებაში ციხის დირექტორიც ჩართულია. დადგმებში მონაწილეობენ საქართველოში გასამართლებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
5-წლიანი განშორების შემდეგ, პატიმარი დედა შვილთან შერიგებას ამ წერილით ცდილობს. შინ დაბრუნების დაპირება ვერც ამ ახალ წელს შეუსრულა. თუმცა განწყობა შარშანდელზე უკეთესია. საკნის დიასახლისს 6 წლის შვილთან მთავარ შეხვედრამდე უკვე ერთით ნაკლები წელი აშორებს.
ამ სივრცეში ყველაფერი გისოსებს მიღმა წარმოდგენილი თავისუფლების გრძნობით იქმნება და დროც უფრო სწრაფად გადის. სათამაშოები, წიგნები, ხატები, საახალწლო აქსესუარები... პატიმრობის სევდას იმედი მალევე ცვლის და საახალწლო სამზადისიც იწყება.
ამ საკანში 2 ქალი პატიმარი ცხოვრობს, სხვადასხვა ისტორიებით, თუმცა საერთო განსაცდელით. საახალწლოდ ტრადიციული კერძებიც ერთად მოამზადეს.
ელექტროჩაიდანში სპეციალურად კურიერისთვის მოხვეული ხინკალი იხარშება. ამ უჩვეულო მეთოდით საცივის გაკეთებაც შესაძლებელი ყოფილა. განწყობას გულწრფელი სადღეგრძელოც ახლავს, ალუბლის წვენით...
ნამდვილი ზეიმი ახლა იწყება - ციხის შუაგულში მოწყობილ სცენაზე მსჯავრდებული ქალების გენერალური რეპეტიციაა. საშობაო კონცერტისთვის რამდენიმე კვირა ინდივიდუალურად, ვიწრო საკნებში ივარჯიშეს. დიდი სცენისთვის სამზადისში, საკუთარი ხელით შეკერეს კაბებიც.
"მთის ძირი" - ასე დაარქვეს მსჯავრდებულებმა ციხის კედლებში დაარსებულ ანსამბლს. საშობაოდ დადგეს ორი ქართული ცეკვა, ფორმები ისევ თავად შეკერეს .
ახლა პატიმრები ჩვენებისთვის ემზადებიან - სამოსი, სამკაულები, ჩანთები - მოდელებმა საკუთარი ნამუშევრები თავად მოირგეს.
საშობაო კონცერტი მრავალფეროვანი იქნება, მრავალფეროვანიც. სადღესასწაულო ღონისძიებებში წელს ყველაზე მეტი პატიმარი ჩაერთო, მათ შორის საქართველოში გასამართლებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
აფრიკული ტრიო მეგრულმა ნანამ გააერთიანა. მასწავლებელი მეგრელი მსჯავრდებულია. მარტივი არ იყო, თუმცა გამოწვევა წარმატებით დაძლიეს.
წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის თითქმის ყველაფერი მზად არის. ის, ვინც სცენაზე არ დგას, დეკორაციაზე ზრუნავს. კონცერტის მთავარი ორგანიზატორი დაწესებულების დირექტორია.
თავისუფლების სურვილით და სინანულით სავსე სივრცეში უჩვეულო გალობის ხმა ისმის. საგალობელი 300-მდე პატიმრისთვის შობის დღესასწაულზე კიდევ ერთხელ შესრულდება.