14 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
როგორი პოლიტიკური წელი იყო 2022 და რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ამ პერიოდში - წლის შეჯამება 

2022 წელი ისტორიაში შევა როგორც ერთი ეპოქის დასასრული და ახალი მსოფლიო წესრიგის დასაწყისი. წელი, როდესაც ევროპის კონტინენტეზე დაბრუნდა ომი და ბირთვული საფრთხე. დაიწყო უდიდესი ენერგო კრიზისი, ჩვენმა შვილებმაც ნახეს ბომბებით მიწასთან გასწორებული ქალაქები და ომის ის დანაშაულები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარავის ახსოვდა.

2022 წლის 3 მარტი. ომის დაწყებიდან ერთ კვირაში კიევის კვალდაკვალ თბილისი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ქვეყნის სახელით ევროკავშირის წევრობის განაცხადს ხელს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. დაჩქარებულ მოთხოვნას კი, მოვლენების დაჩქარება მოჰყვება.

ევროპის პასუხის მოლოდინში თბილისში ბოლო წლების ერთ-ერთი უდიდესი აქციის ორგანიზება იწყება - "შინ ევროპისკენ“ - 20 ივნისი 20 საათი. საქართველო ევრვოკავშირში გაწევრიანების სურვილის უპრეცედენტო დემონსტრირებას ახდენს.

ევროპელი ქართველებით გადაჭედილი თბილისის ცენტრის ვიდეო კადრებმა, მთელი მსოფლიო მოიარა. ცნობად მიიღეს და საქართველოს 2 669 შეკითხვა გამოუგზავნეს. მალევე თბილისმა ბრიუსელში 7 წიგნად შეკრული პასუხები დააბრუნა.

2022 წლის ივნისი - ასოცირებული ტრიოსთვის ბრიუსელს განსხვავებული ვერდიქტი გამოაქვს: კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა საკუთარ თავთან მარტო 12 საშინაო დავალებით რჩება.

ევროპის პასუხმა ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაამწვავა. ევროპული გზის აღიარება წარმატებადაც შეფასდა, თუმცა ბევრი ქართველისთვის ევროპის პასუხი მაინც უსამართლო გამოდგა.

საზაფხულო არდადეგებზე საქართველო საშინაო დავალების წერას იწყებს. კოლექტიურ მუშაობაზე პარტიების ერთი ნაწილი უარს ამბობს, მეორე ნაწილი კი, მმართველ პარტიას უკეთესი მომავლისთვის ეთანამშრომლება.

პროცესი მიდის, რეფორმები გრძელდება, თუმცა 12 რეკომენდაციიდან 2022 წელს ერთი უკვე ვერ შესრულდა. ომბუდსმენის 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა. პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია. ახალი ცდა უკვე მომავალ წელს იქნება.

2022 წლის ბოლოს საქართველოს ევროპიდან დათქმებით კიდევ ერთი დოკუმენტი გამოუგზავნეს. ამჯერად, როგორ ასრულებს ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებას? - რეზოლუციას რეზოლუციის ავტორი დოკუმენტში შეტანილი შესწორებების გამო ხმას არ აძლევს, თუმცა ბიძინა ივანიშვილის დათქმებით, შესაძლო სანქცირება ევროპარლამენტის დოკუმენტში მაინც რჩება.

შიდა პოლიტიკა - 2022 წელმა თავი პარტიული გამიჯვნებითაც გამოიჩინა. "ქართული ოცნება" ჯერ სამმა ვეტერანმა: ხუნდაძემ, სუბარმა და ყაველაშვილმა დატოვა, ცოტა ხანში კი, მათ რიგებს მაჭარაშვილი შეუერთდა. "სიმართლე კულუარებიდან“ - ასე მოინათლა წერილებში გადატანილი ელჩების კრიტიკა, რომელსაც საბოლოოდ "ხალხის ძალა“ დაერქვა. დიდი ალბათობით ეს ოთხეული თავის ძალას საპარლამენტო არჩევნებშიც მოსინჯავს.

უფრო რთულად აქვს საქმე "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც წინ ჯერ შიდა პარტიული არჩევნები აქვს. ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტს ორი ყოფილი ძალოვანი მინისტრი ეცილება.
ვინ მოიგებს? - კეზერაშვილის და მერაბიშვილის ფავორიტი ხაბეიშვილი თუ მელია ეს მხოლოდ მომავალ წელს გამოჩნდება, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" ერთიანობა უკვე დაკარგული აქვს.

ერთიანობას შენარჩუნებას პარტია მისი დამფუძნებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვით ცდილობს. წელი მიხეილ სააკაშვილის დემენციის დიაგნოზის მთელ მსოფლიოში აფიშირებით სრულდება. ლობიზმი, პიარ კამპანია, მოწამვლის ვერსიები - ყველაფერი ერთ მიზანს: ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გაშვებას ემსახურება.

სააკაშვილის გარდა ქვეყანას კიდევ რამდენიმე გახმაურებული პატიმარი ჰყავს. თუმცა სხვებისგან განსხვავებით ყველაზე მშვიდად ბედს ნიკა გვარამია ურიგდება. "რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი სასჯელს სამაუწყებლო კომპანიისთვის მიყენებული ზარალისთვის იხდის.
ხმაურობს "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელსაც ჯერ კიდევ მოუწევს ახსნას: საიდან იშოვა სუსის უფროსის მოადგილის პოსტზე მრავალმილიონიანი ქონება.

წლის ტრაგედიად საქართველოში ვაკის პარკის შადრევანი იქცა. 14 წლის მარიტა მეფარიშვილს გული ბევრი რგოლის დაუდევრობით, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით და მიღება ჩაბარების ყალბი აქტების გამო გაუჩერდა.

წლის გამარჯვება კი, საქართველოსთვის ჰააგის სასამართლოში რუსეთის დამარცხება გახდა. 14 წლის შემდეგ დამდგარი სამართალი: ჰააგის პროკურორმა გამოძიება დაასრულა. რუსეთ-საქართველოს ომის დამნაშავეებს საერთაშორისო ტრიბუნალი ქართველთა ეთნიკური ნიშნით დევნას და სამხედრო დანაშაულებს ედავება.

კიდევ ერთი მთავარი მოვლენა, რომელიც შესაძლოა, არა წლის არამედ საუკუნის პროექტად იქცეს - საქართველოს ამბიციური განაცხადი, რომელიც უკვე რეალობა ხდება. ეს არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, რომლითაც საქართველო ელექტროენერგიის ჰაბი ხდება და რომლითაც ქვეყანას ახალი ევროპული დანიშნულება ეძლევა.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა უკვე მოაწერეს ხელი მემორანდუმს, რომლითაც გეოპოლიტიკური ენერგო უსაფრთხოების ახალ გზაზე 1 195 კილომეტრის კაბელი გაიდება. აქედან 1 100 კილომეტრი შავი ზღვის ფსკერზე გაივლის.

დღის ამბები