"ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პროცესებს სიმულაციას უწოდებს. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, სასამართლო სხდომაზე ჩართვით დადასტურდა, რომ ექსპრეზიდენტს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა არ ესაჭიროება, მისი ქმედებები კი მხოლოდ სასჯელისგან თავის არიდებას ემსახურება.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ექსპრეზიდენტზე დაწერილ სტატიებს მის მოწამვლასთან დაკავშირებით, პიარ თაღლითობას უწოდებს.
"როგორ შეიძლება, რომ მკურნალობასთან დაკავშირებით ყველაფერი სწორად მიდიოდეს, როდესაც მთავარი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი არ ექვემდებარება მკურნალობას. უარს აცხადებს მკურნალობაზე და უფრო მეტიც, არა თუ მკურნალობაზე, ექსპერტიზაზე აცხადებს უარს. კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული, უფრო მეტიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს და რა საკვირველია იქ ნეკნიც გამოჩნდება და შეიძლება სხვა ძვალიც გამოჩნდეს.
მაგრამ ეს ყველაფერი იკრიბება ერთ დიდი კალათაში, რომელსაც ჰქვია პიარ თაღლითობა, რაშიც არის უშველებელი თანხა გადახდილი და გადახდილი თანხის სანაცვლოდ იბეჭდება სტატიები, რომ ადამიანი მოწამლულია, რომელიც ექსპერტიზაზე აცხადებს უარს, რა შედეგი შეძლება იყოს პასუხად, ნებისმიერი ადამიანისაგან, რომელიც ელემენტარული ანალიზის უნარს ფლობს, რა საკვირველია მე არ ვლაპარაკობ ხაბეიშვილზე,"-აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის: საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე მაისური აიწია იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ გამოიყურება ფიზიკურად.