NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს მმართველ გუნდში დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა, მნიშვნელოვანი იყო.
"კვლევის თანახმად, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება და ამ ქვეყანაში თავს დაცულად გრძნობს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ განწყობით არა მხოლოდ "ქართული ოცნების" ამომრჩეველი, არამედ, ოპოზიციის ამომრჩეველიცაა. შესაბამისად, ოპოზიციურად განწყობილი 76% ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგა, იყო მნიშვნელოვანი," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, რატი იონათამიშვილმა.
"ქართული ოცნების" წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით კი, ხალხში არსებობს რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება:
"სკეპტიციზმი ამ კვლევებთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს, გამომდინარე იქიდან თუ ვინ ატარებს ამ კვლევებს. თუმცა ტენდენცია აჩვენებს, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც საქართველო დგას, ხალხში რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, არსებობს. რწმენა იმისა, რომ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ არსებობს, და რწმენა იმისა, რომ მთავრობას შეუძლია კრიზისის მართვა, არსებობს," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
დღეს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ ახალ კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, 2 519 პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება. ცდომილების ზღვარი კვლევაში +- 1.6 პროცენტს შეადგენს. კვლევა ჩატარებულია "სიარარსი საქართველოს" მიერ.
ავტორი: ანუკა ბუავა.