14 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
"სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თამაშები, ხრიკები და დაგვიანებები უნდა შეწყდეს" - ევროპარლამენტში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის საკითხზე დებატები გაიმართა

ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს დებატები გაიმართა. დებატს მხოლოდ ამ საკითხით დაინტერესებული დეპუტატები ესწრებოდნენ.

დებატები დაიწყო კომისიის და საბჭოს წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლით. საბჭოს და კომისიის ძირითადი გზავნილი იყო, რომ ევროსტრუქტურები ადევნებენ თვალს მიხეილ სააკაშვილის საქმეს და ამბობენ, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისი, როგორც პატიმრის ჯანმრთელობა.

ევროკომისარმა ბიუჯეტისა და ადმინისტრირების საკითხებში იოჰანეს ჰანიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, იმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"ევროკავშირი ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს სააკაშვილის მდგომარეობას 2021 წლის სექტემბერში საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ბატონი სააკაშვილი, დაკავებულია უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, მათ შორის, რისთვისაც დაუსწრებლად იყო გასამართლებული. ევროკავშირის პოზიცია ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული, საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, იმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ კუთხით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებები, ისევე როგორც საქართველოში არსებული ჯანდაცვის ადეკვატურობა, სადავოა სხვადასხვა მხარეების მიერ. მე მჯერა, რომ ყველას ინტერესშია, რომ საქართველოს ხელისუფლება განიხილავს დამოუკიდებელი, უდავო საერთაშორისო ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტიზის გამოყენებას. ამავდროულად, ჩვენ სრულად ვართ ჩართული საქართველოს მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაში, ჩაატარონ და განახორციელონ საკვანძო რეფორმები ევროკავშირის თორმეტი პრიორიტეტის შესაბამისად ინკლუზიურად და კონსტრუქციულად," - განაცხადა იოჰანეს ჰანიმ.

მიხეილ სააკაშვილისთვის სრულყოფილი მკურნალობის გაწევას მოითხოვს ევროპარლამენტის წევრი, მირიამ ლექსმანი.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თამაშები, ხრიკები და დაგვიანებები უნდა შეწყდეს. კიდევ ერთხელ ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, დაუშვას, რომ მიხეილ საკაშვილმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაიაროს მკურნალობა საზღვარგარეთ," - აღნიშნა მირიამ ლექსმანიმ.​

საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე საუბრობს კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი. 

"ყველა ჩვენგანმა ვნახეთ პოლარიზაცია, როგორც უზარმაზარი პრობლემა საქართველოში. ეს კი აშკარად აისახება ბატონი სააკაშვილის მდგომარეობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს განზრახ პროვოცირებული იყო. აქ ყველამ რეკომენდაცია გაუწია ბატონ სააკაშვილს ქვეყანაში უკანონოდ არ შესულიყო. ბატონმა საკაშვილმა ამის გაკეთება საარჩევნო კამპანიის დროს გადაწყვიტა, რამაც შექმნა სიტუაცია, რომლის გადაჭრასაც ახლა ვცდილობთ. თუმცა, ჩემი ჯგუფი იმეორებს იმ პოზიციას, რომელიც ჩვენ გამოვთქვით წარსულში. ჩვენ გვსურს ვიხილოთ სასჯელის აღსრულების პროცესის შეჩერება, რათა სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჰუმანიტარული მიზეზებით მოხდეს," - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორიმ

ევროპარლამენტარის, მარკეტა გრეგოროვას შედასებით კი, მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიზირებულია. მისი შეფასებით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი ციხეში კვდება. 

"საქართველოს წინ ძალიან ბევრი გამოწვევა ელის. კომისია ახლა შეაფასებს თორმეტ პუნქტიან რეკომენდაციას თუ როგორ შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ მათი შესრულება. გზის ბოლოს შესაძლოა კანდიდატის სტატუსიც კი ელოდეს მათ. მიხეილ საკეშვილის საქმე იმდენად დიდია, რომ ყურადღების მიღმა ვერ დარჩება. ის წარმოადგენს ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პოლარიზაციაზე, დეზინფორმაციაზე, შეთქმულებაზე, მაგალითად, რომ ენმ გვიხდის ფულს ან გვაიძულებს სააკაშვილი. დიახ, მე მსმენია. რაც სისულელეა. ჩვენ ვზრუნავთ იმიტომ, რომ უნდა ვიზრუნოთ, რადგან ეს არის ძალიან პოლიტიზებული საქმე და ადამიანი ციხეში კვდება," - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ

მომავალი კვირიდან კი პოლიტიკური ჯგუფები დაიწყებენ რეზოლუციის ტექსტზე მუშაობას, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს სტრასბურგში, მომავალ სესიაზე უყრის.

დღის ამბები