14 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
მმართველი გუნდის შეფასებით, კარასინი-აბაშიძის თემით ოპოზიცია რუსული ფულის სანაცვლოდ​ორკესტრირებულ შეტევას ახორციელებს

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კარასინი-აბაშიძის თემით ოპოზიცია ორკესტრირებულ შეტევას ახორციელებს. მათივე განცხადებით, რუსული ფულის სანაცვლოდ. გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში რუსი დიპლომატი აბაშიძეს სთავაზობს გაზრდილი ტვირთბრუნვების გამო სხვა ალტერნატიული გზებიც გამოინახოს. აბაშიძე კი კარასინს უხსნის, რომ ახალ გზაზე საუბარი უხერხულია, რადგან ყაზბეგი-ლარსის ავტობანი ისედაც შენდება.

ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ე.წ. პრაღის ფორმატში საქართველოს წარმოადგენს, ჩანაწერის ავთენტურობა "კურიერთან" დაადასტურა და განაცხადა, რომ შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს მიგრაციის კუთხით საქართველოს საზღვარზე მოჰყვა, საჭირო გახდა ვითარების განსამუხტავად კომუნიკაციის ეს არხი ამოქმედებულიყო.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ჩანაწერები რუსული სპეცსამსახურებიდან მოდის და ამაზე დღის წესრიგს შლიან ის ადამიანები, ვინც "ამხანაგობენ რუსულ რუბლებთან".

"ნაციონალური მოძრაობის" მხარეები ერთმანეთს უვრცელებდნენ, გვახსოვს ჩვენ, მათ შორის გიული ალასანიას ჩანაწერებს, ის შინაარსი, რაც ამ ჩანაწერში იყო გამოთქმული, ფაქტობრივად გაიმეორა და დაადასტურა ამ ყველაფერმა, რომ "ტვ პირველი" ინფორმაციას იღებს რუსული სპეცსამსახურებიდან და შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით დღის წესრიგს შლიან ის ადამიანები, ხოშტარია იქნება ეს თუ სხვა დესტრუქციული ძალები, ვინც ამხანაგობენ რუსულ რუბლებთან.

ასევე, ჩვენ ამ ადამიანებისგან გვახსოვს, რომ თითქოს არ შეიძლებოდა ფარულ ჩანაწერებზე კომენტარების გაკეთება და ეს იყო ამორალური, მაგრამ ახლა თვითონ ბრიფინგს ბრიფინგზე აწყობენ და ფაქტობრივად ამით კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ ორმაგ სტანდარტს," - ამბობს იონათამიშვილი.

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, ქართველი ხალხის ზურგს უკან არაფერი ხდება.

"არაფერი არ ხდება ქართველი ხალხის ზურგს უკან, ვერაფერი ვერ მოხდება ქართველი ხალხის ზურგს უკან, ეს ფორმატი არსებობს, ისევე როგორც არსებობს ფორმატები ომში მყოფ სახელმწიფოთა შორის," - თქვა ვოლსკიმ.

დღის ამბები