უარი საკვების მიღებაზე - მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი პოზიციას ამ დრომდე არ ცვლის. უცვლელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ოჯახის მოთხოვნაც - პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
თავის წილ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მდგომარეობაზე "ვივამედის" კლინიკა "ემპათიის" ექსპერტთა ჯგუფს აკისრებს. კლინიკის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, სააკაშვილი სწორედ იმ რეკომენდაციებს ასრულებს, რომელსაც არა მისი მკურნალი ექიმები, არამედ ემპათიის ექსპერტთა ჯგუფი გასცემს. ზურაბ ჩხაიძე სწორედ ცენტრის ექიმებს ადანაშაულებს ყოფილი პრეზიდენტისთვის არასაკმარისი კვებითი კალორაჟის მიწოდებაში. გარდა ამისა, ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობაზე, კლინიკის მხრიდან არაერთი შეთავაზების მიუხედავად, უარს საკუთარი სურვილით ამბობს.
ეს ბრალდებები გაუგებარია ცენტრის ხელმძღვანელისთვის, მარიამ ჯიშკარიანისთვის.
პატიმრის ჯანმრთელობაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი, თუმცა, თუკი მსჯავრდებული თვითდაზიანებას იყენებს და მკურნალობასა და კვებაზე საკუთარი სურვილით ამბობს უარს, მმართველი გუნდის თქმით, პასუხისმგებლობა თავად პატიმარზე გადადის. ამ თემაზე ვრცლად "ღამის კურიერში" "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, თვითდაზიანებას ოპოზიციური პარტიების ახალისებენ.
"ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებაზე გადააქვს მიხეილ სააკაშვილის პარტიას. "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გართულებაში მმართველ პარტიას ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს არ ამბობს და მას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იღებს.
ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაცვლად თანაგუნდელების და თავად სააკაშვილის მიზანი სასჯელისგან გათავისუფლებაა - აცხადებენ სახელისუფლებო გუნდში.
მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხის განხილვა მორიგი სასამართლო სხდომაზე ხვალ განახლდება.