14 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღეს ბრიუსელშიც განიხილავდნენ - ევროპარლამენტის თითქმის ცარიელ დარბაზში დებატებზე მხოლოდ ამ საკითხით დაინტერესებული დეპუტატები შეიკრიბნენ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჰუმანიტარული მიზნით მისი საზღვარგარეთ გადაყვანა - ეს ის მთავარი გზავნილია, რომელიც ევროპარლამენტის პოლიტიკური ტრიბუნიდან დღეს კიდევ ერთხელ გაისმა. თამაშები, ხრიკები და დაგვიანებები უნდა შეწყდეს - ამ შინაარსის განცხადებების ადრესატი საქართველოს ხელისუფლება იყო. სიტყვით დღეს სულ 9 დეპუტატმა ისარგებლა, დარბაზშიც ძირითადად გამომსვლელები და ამ საკითხით დაინტერესებული რამდენიმე დეპუტატი იმყოფებოდა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში მონაწილეობდა ევროკომისარიც. იოჰანეს ჰანმა ტრიბუნა კონკრეტული შეთავაზებისთვისაც გამოიყენა. მისი თქმით, პატიმარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა შეაფასოს. ევროკომისარმა დღეს 28 დეკემბერს იუსტიციის მინისტრთან ევროკავშირის ელჩის და საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტიც გაიხსენა.

ევროპარლამენტში დებატები პოლიტიკური ზეწოლის მორიგ ფაქტად შეაფასეს "ნაციონალურ მოძრაობაში". მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ სასურველ შედეგს სწორედ ასეთი სტრატეგიით მიაღწევენ.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის ევროპარლამენტში გამართული დებატების შინაარსი ლობიზმის შედეგია. მმართველ გუნდში ითქვა ისიც, რომ ევროპელი კოლეგების გამოსვლებს ობიექტურობა აკლდა. ნაწილმა განცხადებების მიღმა სხვა პოლიტიკური მიზნებიც დაინახა.

ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით იგეგმება რეზოლუციის მიღებაც. მანამდე კი სააკაშვილის მხარდამჭერმა ევროპელმა დეპუტატებმა ე.წ ფლეშმობიც მოაწყვეს. ისინი დერეფანში სააკაშვილის ფოტოებით დადგნენ და ექს პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ამ ფორმით გამოხატეს.

დღის ამბები