14 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, როდესაც საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ ევროკომისიის დადებითი ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის - ხატია დეკანოიძე

ევროკომისიის ანგარიშს შეფასებები უკვე მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ აუცილებელია პროგრესის გაგრძელება იმისთვის, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის ქვეყნის სტატუსი.

ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ ევროკომისიის დადებითი ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. 

როგორც პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, 12 რეკომენდაციის შესრულება ჯერ კიდევ რჩება სახელისუფლებო ძალის მთავარი გამოწვევა. 

"თავისთავად ევროკომისიის დადებითი ანგარიში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. მაგრამ საქართველოსთვის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს და როგორც ხელისუფლების გამოწვევა და ვალდებულებად რჩება 12 პუნქტის შესრულება. განსაკუთრებით ეს ეხება დემოკრატიის მიმართულებით, მედიათავისუფლების საკითხებს და ასევე პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხებს," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ხოლო საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ საჭიროა სწორი კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტივი, რომელიც ანგარიშში არის გამოხატული თან სდევდეს 12 რეკომენდაციის შესრულებას. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ახლა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის და ეს არის წინაპირობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აუცილებელია, პროგრესი გავაგრძელოთ, როგორც ასოცირების  შესრულების კუთხით, ასევე 12 რეკომენდაციის. ისევე, როგორც შესაბამისი სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან,"-აცხადებს თეონა აქუბარდია.

ცნობისთვის: ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინა - დოკუმენტი ეხება ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება.

ამ შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების 6 ჯგუფიდან 3-ში, მათ შორის ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე გასული წლის აპრილში მიღებულ პასუხებს მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების შესასრულებლად.

ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან საბრძოლველად. ანგარიშში დადებითად არის მოხსენებული განათლების სისტემის მაჩვენებლები. შეფასება გადაეგზავნათ უკრაინას და მოლდოვასაც.

 

დღის ამბები