14 ნოემბერი 2024,   21:13
ვრცლად
მსურს, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ადმინისტრაციას კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში ძალიან პოზიტიურია - პაველ ჰერჩინსკი

საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ხელისუფლებას ევროკომისიის ანგარიშმა არგუმენტები გაუმყარა. "ქართულ ოცნებაში" ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ექვსი ჯგუფიდან სამში ქვეყანა არის ლიდერი. საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება აქვს ფუნდამენტურ სფეროებში, მათ შორისაა მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე გასული წლის აპრილში მიღებულ პასუხებს მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს.

ევროკომისიის შეფასება ქვეყანას მიულოცა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი ანგარიშს დადებითს უწოდებს.

"მსურს, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ადმინისტრაციის კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში ძალიან პოზიტიურია. ის აღწერს საქართველოს მზადყოფნას ევროკავშირის წევრობისთვის. ეს ძალიან გრძელი და ტექნიკური დოკუმენტია. ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია, რა თქმა უნდა, ზოგიერთ სფეროში საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა, გარკვეულ სფეროებში კი პროგრესი ჯერ კიდევ საჭიროა.

ეს ხანგრძლივი პროცესია. ეს ანალიტიკური ანგარიში დაფუძნებულია კითხვარზე, რომელიც საქართველოს გასულ წელს გამოეგზავნა და ევროპულმა კომისიამ მიიღო ყველა პასუხი. ცალკე პროცესია 12 პრიორიტეტი, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს. როგორც იცით, ზოგიერთ პრიორიტეტთან ახლოს ვართ, ნაწილთან დაკავშირებით კი დამატებითი რეკომენდაციებია მოთხოვნილი და ამ დრომდე მიმდინარეობს მუშაობა.

დრო ჯერ კიდევ არის, ევროპული კომისია 12 პრიორიტეტთან დაკავშირებულ პროგრესს ამ წლის ოქტომბერში შეაფასებს და შემდეგ, ამ წლის ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 27 სახელმწიფო მეთაური და მთავრობები შეაფასებენ საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს და განსაზღვრავენ შემდგომ ნაბიჯებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გადაწყვეტილება საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე გასული წლის ივნისში იქნა მიღებული. მკვლევრებსა და ისტორიკოსებს მივანდობდი იმის დადგენას, თუ რატომ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი ორ ქვეყანას და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რატომ მოხდა ასე და არა სხვაგვარად. ჩემი მიზანია დავეხმარო საქართველოს რამდენადაც ეს შესაძლებელია,"-აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები