საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ხელისუფლებას ევროკომისიის ანგარიშმა არგუმენტები გაუმყარა. "ქართულ ოცნებაში" ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ 6 ჯგუფიდან 3-ში ქვეყანა არის ლიდერი. საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება აქვს ფუნდამენტურ სფეროებში, მათ შორისაა მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე გასული წლის აპრილში მიღებულ პასუხებს მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
"საქართველოს აქვს კრიტერიუმების 6 ჯგუფიდან 3 ჯგუფში საუკეთესო შედეგები იმ ქვეყნებს შორის, რომელთა შორისაც ჩვენ განვიხილებით და გვაფასებენ. ეს არის საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ეს თავად ევროკომისიის ანგარიშით დადასტურდა და არალოგიკური, გასაკვირიც კი იქნება თუ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ ვაჩვენეთ სამუშაო, რაც გავწიეთ და ვაჩვენეთ, რომ ეს სამუშაო ევროკავშირმა შეაფასა საუკეთესოდ. ეს არის პასუხი ამ ადამიანებისთვისაც, ვინც ამბობდა, რომ თითქოს მთავრობა და ხელისუფლება ვერ შეავსებდა კითხვარს," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.