14 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე უკრაინასა და მოლდოვას თითქმის ყველა პარამეტრით უსწრებს - ევროკომისიის ანგარიშის დეტალები

ევროკომისია საქართველოს დადებით შეფასებას აძლევს და პროგრესს უქებს. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გაგზავნილ კითხვარს, ბრიუსელიდან ანგარიში მოყვა, სადაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე უკრაინასა და მოლდოვას თითქმის ყველა პარამეტრით უსწრებს. 57 გვერდიან დოკუმენტში, ქვეყანა ტრიოს წევრ ქვეყნებს შორის ლიდერებშია, მოლდოვა საქართველომ 12 ქულით ჩამოიტოვა და თითქმის ყველა საკვანძო მიმართულებით უსწრებს უკრაინას.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ 33 კრიტერიუმიდან ცხრაში მომზადების ზომიერად კარგი, 17-ში გარკვეული და 6-ში საწყისი დონე აჩვენა. ჯამში ჩვენმა ქვეყანამ 67 ქულა დააგროვა და სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩა უკრაინას.

ევროკომისიის ანგარიში ტექნიკური ხასიათისაა, თუმცა მას დიდი როლი ექნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას. ამ მოცემულობით კი მართლმსაჯულების, თავისუფლების და უსაფრთხოების, საჯარო შესყიდვების, სტატისტიკის და ფინანსური კონტროლის სფეროებში - საქართველო 8 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზეა უკრაინა - 7 ქულით, ხოლო მესამეზე მოლდოვა - 6 ქულით.

ყველაზე დიდი პუნქტი ეძღვნება "შიდა ბაზარს". ეს სფერო ევროკავშირისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან საუბარია პირველ რიგში ეკონომიკურ გაერთიანებაზე. აქ ვხვდებით ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: საქონლის, კაპიტალისა თუ მუშახელის თავისუფალი გადაადგილება, ინტელექტუალური საკუთრება, სერვისების მიწოდება და სხვა ბევრი. ჯამურად კი ქულები ასე გადანაწილდა: საქართველო 18, უკრაინა 17, მოლდოვა კი 15.

ის ტენდენცია, რომ მოლდოვა მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველოსა და უკრაინას, განსაკურებით მყარდება შემდეგ თავში სახელწოდებით - “კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა”. თუ საქართველო ამ თავში 21 ქულით შეფასდა, კიევი კი 20-ით - მოლდოვას მხოლოდ 15 ქულა მიენიჭა.

აქ ვხვდებით ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: მედია, მონეტალური თუ სოციალური პოლიტიკა. მაგალითად ბოლო 4 პუნქტში, საქართველო ფასდება 3 ქულით, ანუ “შედარებით კარგად”. ერთადერთი უმაღლესი შეფასება კი აქ მიიღო უკრაინამ - "საბაჟო კავშირის ნაწილში" მას 4 ქულა აქვს.

მომდევნო თავში, გადავდივართ საკითხებზე, სადაც საქართველოს მეტი მუშაობა მოუწევს, რადგან აქ  შედარებით დაბალი ქულები აქვს. ქვეთავი სახელწოდებით “მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებადობა” - მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: სატრანსპორტო პოლიტიკა, ენერგეტიკა, ტრანსევროპული ქსელი, გარემო და კლიმატის ცვლილებები - ის რაზეც ევროკავშირი ახლა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს. ქულები ასე გადანაწილდა - თბილისი 7, კიევი 9, კიშინოვი 7. აქ გადამწყვეტი როლი ენერგეტიკამ ითამაშა, რომელშიც კიევმა უმაღლესი შეფასება მიიღო.

შემდეგი თავი - "რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა” - აქ კი გვხვდება ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტები, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა და განვითარება, სურსათის უვნებლობა, რეგიონალური პოლიტიკა. ჯამურად - საქართველო 7, უკრაინა 8, მოლდოვა 6.

და ბოლო, საქართველომ, უკრაინასთან შედარებით მიიღო ოდნავ დაბალი შეფასება ისეთ ზოგად მიმართულებებში, როგორებიცაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები და რეგიონული პოლიტიკა, რაც არაა დაკავშირებული საკანონმდებლო საქმიანობასთან და ქვეყნისაგან დამოუკიდებლად შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით არის განპირობებული.

საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა - ამ ორ სფეროში თუ მოლდოვასა და საქართველოს ბრიუსელი აფასებს როგორც “შედარებით კარგს”  და ანიჭებს მას 3 ქულას - უკრაინას აფასებს როგორც “კარგს”, რაც 4- ქულით გამოიხატა. საბოლოოდ, კიევს 8, თბილისსა და კიშინოვს კი 6 ქულა ერგოთ.

საერთო სურათი კი ასეთია : ა) საგარეო ურთიერთობების, ბ) თავდაცვისა და უსაფრთხოების,გ) ენერგეტიკისა და დ) საბაჟო კავშირების ხარჯზე, უკრაინა 2 ქულით უსწრებს საქართველოს. შესაბამისად, დაჯამებული შეფასებები ასეთი გამოიყურება: უკრაინა 69 ქულა, საქართველო 67 ქულა და ბოლოს კი კანდიდატის სტატუსის მქონე მოლდოვა - 55 ქულით.

ეს ამ ეტაპზე გამოქვეყნებული პირველი დოკუმენტია, რომელიც ქვეყნების ევროკავშირის კანონთა კრებულთან შესაბამისობას აანალიზებს. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის ანგარიშს კი საქართველო უკვე ოქტომბერში ელოდება. 







 

დღის ამბები