14 ნოემბერი 2024,   21:17
ვრცლად
ვაშინგტონი კიევს აფრთხილებს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული მიზნობრივად დახარჯოს და აღმოფხვრას ნებისმიერი სახის თაღლითობა ან კორუფციული ქმედებები

ვაშინგტონი კიევს თითოეულ გაგზავნილ ცენტზე ანგარიშს სთხოვს. შტატები ომში მყოფ ქვეყანას აფრთხილებს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული მიზნობრივად დახარჯოს და აღმოფხვრას ნებისმიერი სახის თაღლითობა ან კორუფციული ქმედებები. ვაშინგტონი კიევს მოუწოდებს მის წარმომადგენელს დახმარებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტზე წვდომა მისცეს.

უკრაინაში კი უკვე ორ კვირაზე მეტია კორუფციული სკანდალი გრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პროკურორი და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკები გაათავისუფლა, რომლებიც მილიონობით გრივნის მითვისებაში არიან მხილებულები. არიან დაკავებულებიც.

თავდაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის და USAID-ის ცხელი ხაზები უკვე გახსნილია და სპეციალური პოსტერი, რომელიც სამმა უწყებამ გამოაქვეყნა, მოუწოდებს ხალხს, დაეხმარონ ვაშინგტონს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ, უკრაინისთვის გაღებული დახმარების მართებულად განაწილების მონიტორინგში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შეერთებულმა შტატებმა განუმარტა კიევს, რომ იმ უზარმაზარ დახმარებაზე, რომელსაც მეომარ ქვეყანას აძლევს, ანგარიში ჩასაბარებელი იქნება. გარდა ამისა, უკრაინამ კორუფციასთან ბრძოლა უნდა გააგრძელოს.

სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორი, დაიანა შო კიევში თავდაცვის დეპარტამენტის და USAID-ის გენერალურ ინსპექტორებთან ერთად იყო ჩასული. უკრაინაში ტრიო თავდაცვის და ფინანსთა მინისტრებს, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს შეხვდა. ეს განცხადებაც, სამივე ამერიკულმა უწყებამ ერთობლივად მოამზადა. ვიზიტის მთავარი მიზანი, სწორედ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ზედამხედველობა იყო. ვაშინგტონი აყენებს საკითხს, რომ უკრაინის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს წვდომა ყველა იმ ინფორმაციაზე, რომლებიც გენერალურ ინსპექტორებს აუდიტის და გამოძიებათა ჩატარებაში დაეხმარება.

ამერიკელი მაღალჩინოსნების კიევში სტუმრობას წინ უსწრებდა უკრაინის ადმინისტრაციის ათზე მეტი მოხელის თანამდებობიდან მოხსნა. მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრის და გენერალური პროკურორის მოადგილეები, კიევის, ხერსონის, ზაპოროჟიის და სხვა რეგიონების გუბერნატორები. გათავისუფლებულთა ნაწილი გამოძიების ქვეშაა, იყო თუ არა კორუფცია მათ საქმიანობაში.

ამერიკული მხარის გააქტიურება მხოლოდ უკრაინის ადმინისტრაციაში წმენდას არ უკავშირდებოდა. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ სკანდალის დაწყებამდეც ხვდებოდა, რომ რესპუბლიკელების ნაწილში სკეპტიციზმი მატულობს და შესაძლოა უკრაინისთვის დახმარების დამტკიცების სანაცვლოდ, რესპუბლიკელებმა მოითხოვონ მყარი გარანტიები, რომ ამერიკელების მიერ გადახდილი ფული არ გაიფლანგება. რესპუბლიკელებმა ჯერ კიდევ შუალედურ არჩევნებამდე განაცხადეს, რომ კიევს "ცარიელ ჩეკს" არ გაუგზავნიან.

ბაიდენის ადმინისტრაციის წევრები, რომლებიც უკრაინის დახმარების შესახებ კონგრესში გამართულ მოსმენებზე მომხსენებლებად იქნებიან, აუცილებლად აღმოჩნდებიან რესპუბლიკელი კანონმდებლების უმწვავესი შეკითხვების წინაშე და მათ ამ შეკითხვებზე პასუხები ექნებათ გასაცემი.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კიდევ ერთი კორუფციული საქმის შესახებ. უკრაინის უშიშროების სამსახურმა, თავდაცვის ძალების საკვებით მომარაგებაში, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის სქემა გამოავლინა. საუბარია 3 მილიონი დოლარის ზარალზე.

 

 

დღის ამბები