პირველი ყრილობა "ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნების შემდეგ - ყრილობას ნიკა მელიასთან ერთად არ ესწრება არც მისი გუნდის წევრების ნაწილი. მათი განცხადებით, მათთვის მიუღებელია პოპულისტური ქმედებები და ისინი ლევან ხაბეიშვილის გვერდით მაშინ დადგებიან, როდესაც თავმჯდომარის ნაბიჯები რეზულტატზე ორიენტირებული იქნება.
"ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პროტესტის ნიშნად არ მივდივართ. ეს არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. არ მიყვარს ხოლმე ასე დაყოფა, მაგრამ ნიკა მელიას გუნდიდან, დარწმუნებული ვარ, არაერთი ადამიანი მივა დღევანდელ ყრილობაზე დააფიქსირებს მის პოზიციას. ჩემი პოზიცია არის ერთი, რასაც სულ ვამბობ, რომ მე მივულოცე ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება და როდესაც მისი ნებისმიერი ქმედება იქნება შედეგზე ორიენტირებული, აუცილებლად ვიქნებით მის გვერდით. თუმცა, ვერასდროს ვერ ვიქნები გარკვეული პოპულისტური ქმედებების გვერდით," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ სოფო ჯაფარიძემ.