14 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს, სადაც ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად ჩაიბარებს

ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-10 ყრილობა მიმდინარეობს. დღევანდელ ყრილობაზე ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად ჩაიბარებს. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ყრილობა, როგორც ტექნიკური, ასევე, სამართლებრივი ხასიათისაა.

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე იმყოფებიან როგორც ლევან ხაბეიშვილის, ისე ნიკა მელიას და გიორგი მუმლაძის მხარდამჭერები, თუმცა თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებიდან პარტიის ყრილობაზე მხოლოდ გიორგი მუმლაძე გამოჩნდა. ნიკა მელია ყრილობას არ ესწრება.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია პარტიაში სტრუქტურები უმოკლეს დაში დაკომპლექტდეს, შემდეგ კი მათ მთავარ ამოცანაზე- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონცენტრირდნენ.

"დაიწყება პარტიის სტრუქტურების დაკომპლექტება, რაც შეიძლება მოკლე ვადაში, რადგანაც ჩვენი მთავარი ამოცანა და ტკივილი არის ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე," - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, ანა წითლიძის თქმით, ნიკა მელია "არსად გაწეულა" და ყოველთვის იყო პარტიის მხრიდან ბრძოლის წინა ხაზზე.

 "მე აქ ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც ნიკა მელიას მისცეს ხმა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, თუმცა წარმოდგენილი არიან ყრილობაზე. მე არ მიმაჩნია, რომ ნიკა მელიამ პარტიიდან გაიწია. ნიკა მელია არასოდეს არე გაწეულა, არცერთი ბრძოლიდან, ყოველთვის იყო ბრძოლის წინა ხაზზე, ავანგარდში," - განაცხადა ანა წითლიძემ.

ამასთან, პარტიის შეკრებაზე ასევე იმყოფებიან სხვა მოწვეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის პაატა მანჯგალაძე, სერგო ჩიხლაძე და გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ 28-29 იანვარს პარტიაში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

 

დღის ამბები