14 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
რეკომენდაციების შესრულებაში ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია არ ჩავარდეს უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი - თეონა აქუბარდია

პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა. ძირითადი საკითხი იყო 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება. ოპოზიციამ ოპონენტებს ბრალდებები წაუყენა, ისინი აცხადებენ, რომ უმრავლესობას არ სურს სახალხო დამცველის საკითხი კონსენსუსით გადაწყვიტოს. აქცენტი გაკეთდა სოციალურ პრობლემებზეც.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა სიტყვა და მოუწოდა კოლეგებს, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რათა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი შედგეს. 

"რეკომენდაციების შესრულებაში ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ამიტომ ვართ ჩართული, ვინც ვართ და როგორც შეგვიძლია. კენჭსაყრელ საკითხებში დარიგებული გვაქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს საკითხი არ ჩავარდეს და მოვახერხოთ კონსენსუსი,"-აცხადებს თეონა აქუბარდია. 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტს განუცხადა, რომ საკითხს განსახილველად მიმდინარე კვირას არ გამოიტანს, რათა როგორც ოპოზიციას ისე მმართველ გუნდს ჰქონდეს დრო კონსულტაციებისთვის. 

"მე უმრავლესობის ფრაქციასთანაც მქონდა ამაზე საუბარი. მიმდინარე კვირას არ გამოვიტან ამ საკითხს კენჭისყრაზე. ამიტომ ფრაქციებს და პოლიტიკურ ჯგუფებს გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოთ,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

"ვსაუბრობთ და შედეგი არ იდება" ასე დაიწყო სიტყვის წარმოთქმა პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა და რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს ევროინტეგრაციასა და მის პერსპექტივაზე ისაუბრა.თქვა ისიც, რომ 2023 წელი საქართველოსთვის ამ კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. 

"რა აზრი აქვს წყლის ნაყვას, როცა ვსაუბრობთ და შედეგი არ დგება. როცა ვსაუბრობთ, მაგრამ შედეგი საპირისპიროა. როცა კი არ ვუახლოვდებით, არამედ არსებითად ვშორდებით ამ პერსპექტივას. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ 2023 წელია გადამწყვეტი ამ გზაზე,"-აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

დღის ამბები