დღეს პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. სხდომა პოლიტიკური დებატების ფონზე მიმდინარეობდა, ისმოდა ურთიერთბრალდებებიც. ოპოზიციას კითხვები ჰქონდა, როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე კულტურის სამინისტროსთანაც.
კერძოდ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის ანა ნაცვლიშვილის კითხვა გელათის სამონასტრო კომპლექსს შეეხებოდა:
"მე მესმის, რომ ძალიან ენდობით კულტურის მინისტრს, რომელიც გარწმუნებთ, რომ აკეთებს ყველაფერს გელათის გადასარჩენად. გელათი ინგრევა და იმ მიდგომით რა მიდგომაც აქამდე აქვს კულტურის სამინისტროს, როცა გასაიდუმლოებული აქვს იქ მიმდინარე პროცესები, როდესაც პროცესებიდან გამოთიშულია სამეცნიერო კომპონენტი და გაუგებარი მეთოდოლოგიით ხდება გელათში მუშაობა, ასე ჩვენ უკვე დავკარგეთ ძეგლის ნაწილი, რომელიც ვეღარ აღდგება და დავკარგავთ უფრო მეტს. როდემდე აპირებთ დუმილს?" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ ნაცვლიშვილს შეახსენა, რომ მაშინ, როდესაც პარლამენტში კულტურის მიმართთულებით განიხილავდნენ საკითხებს ის და მისი გუნდი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ.
"თქვენ ბოიკოტში იყავით ქალბატონო ანა მაშინ, როდესაც პარლამენტი ამ საკითხებით იყო დაკავებული. განათლების და კულტურის კომიტეტი, რომელთანაც თქვენ არ შემოდიოდით, არ მოდიოდით, არ თანამშრომლობდით.
განათლების და კულტურის კომიტეტმა მაშინ ამ საკითხს მიუძღვნა რამდენიმე მათ შორის გასვლითი სხდომა, ადგილზეც და იმის შედეგი იყო, რომ გამოვლინდა ბევრი დარღვევაა, რომლითაც იყო წარმოებული რესტავრაცია ამ ძეგლის, და გახსოვთ თქვენ როგორც მაყურებელს, სამწუხაროდ ამ პროცესის მონაწილე თქვენ არ იყავით როგორც დეპუტატი," - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.