14 ნოემბერი 2024,   21:10
ვრცლად
ელისაშვილი ღარიბაშვილის სახლთან გამართულ აქციაზე : როგორც არ უნდა გახურებული და გავარვარებულები ვიყოთ, ყველამ უნდა ვცეთ პატივი ოჯახებს და პირველ რიგში ბავშვებს

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართულ წუხანდელ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველამ უნდა ვცეთ პატივი ოჯახებს და პირველ რიგში, ბავშვებს.

მისივე თქმით, აქციების საცხოვრებელ სახლთან გამართვა სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია. 

"გულისამრევია ნებისმიერი აქცია პოლიტიკოსების თუ საჯარო მოხელეების სახლთან. სულ რომ უკიდეგანოდ გძულდეს ვინმე და დამნაშავე იყოს, აქციები საცხოვრებელ სახლთან არის გულისამრევი და დაუშვებელი, რადგან იქ ცხოვრობენ ბავშვები. 

ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო, როცა ნიკა გვარამიას სახლის წინ ჩამოკიდეს ბანერი და იმ ბანერს უყურებდნენ პატარა ბავშვები, ნიკა გვარამიას შვილები. ახლა ღარიბაშვილის სახლთან იგივე. შვილებს უნდა გავუფრთხილდეთ, რა მნიშვნელობა აქვს ვისი შვილები არიან? როგორ შეიძლება ასეთი უგულო და დაუნდობელი რაღაცეების კეთება? არის კანცელარია, პარლამენტი და სხვა საჯარო შენობები, სადაც აქციების გამართვა კონსტიტუციით დაშვებულია და კი ბატონო, მაგრამ საცხოვრებელ სახლთან მივარდნა, აქციების გამართვა და ბავშვების გასაგონად ყვირილი, არის დაუშვებელი, ვინც არ უნდა იყოს. ის, რაც გუშინ ხდებოდა, ჩემთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი. 

როგორც არ უნდა გახურებული და გავარვარებულები ვიყოთ, ყველამ უნდა ვცეთ პატივი ოჯახებს და პირველ რიგში ბავშვებს. ყველაზე მიუღებელი ადამიანის შვილებიც შვილები არიან და მათ ღირსებას უნდა გავუფრთხილდეთ, მით უმეტეს პატარა ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან და ღმერთმა დაგვიფაროს, ვინ როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს, მერე ეს როგორ ქცევაში გადაიზრდება და ა.შ. ძალიან ცუდი საქციელია ბავშვების ლანძღვა, სახლებთან მივარდნა, ასეთი რამ არის დაუშვებელი. არ აქვს მნიშვნელობა ,,ქართული ოცნება“ ოპოზიციაზე ილაპარაკებს თუ ოპოზიცია "ქართულ ოცნებაზე" ან ყველანი ერთად მოსამართლეებზე, რომლებიც ბევრ რამეს სინამდვილეში იმსახურებენ, მაგრამ შვილები არავითარ შემთხვევაში და ეს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან," -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დეპუტატის თქმით მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არის "ქართულ ოცნებასთან" შეკრული:

"ასეთი ბაქი-ბუქით და აქციების დაანონსებით მხოლოდ ერთი რამ ხდება, ნული შედეგის მომტანია, მაგრამ სამაგიეროდ შედეგი აქვს ის, რომ "ქართული ოცნება" ამ ვერშესრულებული ბაქი-ბუქის შედეგად ძლიერდება. ამიტომაა ,,ქართული ოცნება“ 10 წელია ხელისუფლებაში და ასე თუ გააგრძელებს ოპოზიციის დიდი ნაწილი, არ ვიცი, ალბათ ჩააქვიტკირებენ კიდე ერთი 10 წელი. 

რატო აკეთებენ ამას ვერ ვხვდები. შედეგზე ორიენტირებული ხომ უნდა იყო? ყოველ ჯერზე, როცა აქციებს აანონსებენ და არაფერი გამოდის, შედეგი ყოველ ჯერზე არის ის, რომ "ქართული ოცნება" რჩება უფრო გალაღებული და მხრებში გაშლილი. არ ვიცი, შეკრულები არიან როგორც ჩანს, სხვა დასკვნა მე ვერ გავაკეთე. „ აცხადებს ელისაშვილი.

დღის ამბები