იყო თუ არა შეთანხმებული პარტიის წევრებთან გადაწყვეტილება საპარლამენტო ბოიკოტის შესახებ - ლევან ხაბეიშვილს დღეს მედიასთან აღარ განუმარტავს. პარტიის ახალი თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში, ფრაქციის იმ სხდომაზეც არ მისულა, სადაც ამ თემას თანაგუნდელებს მისი ფლანგის წევრები აცნობდნენ, თუმცა, შეკრებასაც მხოლოდ ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრეები ესწრებოდნენ.
თითქმის ერთ საათიანი შეკრების შემდეგ, ლევან ბეჟაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო, რომ ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” ბოიკოტის რეჟიმში გადადიოდა. ეს ნიშნავს უარს საპარლამენტო საქმიანობაზე, თუმცა, არა მანდატებზე.
არც იმავე აზრზე არიან და არც ფრაქციის შეკრებაში მიუღიათ მონაწილეობა - ნიკა მელიას გუნდის წვერებს, რომლებიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში არ გამოჩენილან. ისინი პარტიის გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურნენ, მათ შორის, თავად პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი ხელმძღვანელი. ”ნაციონალური მოძრაობის” ეს ნაწილი ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
მსგავსი განცხადებების სოციალური ქსელით გაკეთებას არ იწონებს ”ნაციონალური მოძრაობის” ერთი ნაწილი, მათ შორის ანა წითლიძე, რომელსაც პარტიის გაყოფილი ჯგუფებისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს.
"ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტს მხოლოდ სამი დეპუტატი შეუერთდა ოპოზიციიდან. სტრატეგია აღმაშენებლის ორი დეპუტატი და უფრაქციო წევრი თაკო ჩარკვიანი. სამივე დეპუტატი წყვეტს საკანონმდებლო საქმიანობას, თუმცა მანდატებზე უარს არც ისინი ამბობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ახალი ლიდერშიპის გადაწყვეტილებას ქვეყანაში მეტი რადიკალიზმის შემოტანის ცდილობად აფასებს უმრავლესობა.
მმართველ გუნდში ამბობენ რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ოპონენტების არ ყოფნა ბევრს არაფერს შეცვლის, ქართული ოცნება აქცენტს მანდატებისა და შესაბამისად სადეპუტატო პიროვნებისვე შენარჩუნებაზეც აკეთებენ
საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტის პარალელურად, "ნაციონალურ მოძრაობა" პერმანენტულ აქციებსაც აანონსებს, მსგავსი შეკრება დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე გაიმართა. პროტესტი სულ რაღაც 2 საათს გაგრძელდა, იყო სიტყვით გამოსვლებიც. აქციას ორივე დაპირისპირებული ფლანგი ესწრებოდა, თუმცა არ იყო ნიკა მელია. ლევან ხაბეიშვილმა მხარდამჭერებს მიმართა და პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგიც დააანონსა შემდეგი გეგმების გასაცნობად.