საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროკომისიის შეფასება და 12 პუნქტიანი დოკუმენტის შესრულება - საგაზაფხულო სესიაზე პოლიტიკური განცხადებების დრო, ძირითადად ამ საკითხებზე საუბარს დაეთმო. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოს ყველა წინაპირობა აქვს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიისგან დადებითი პასუხი მიიღოს და თუ ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებები შეიქმნება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.
ევროკომისიის შეფასების მიუხედავად ოპოზიციის ნაწილი საქართველოს ევროპულ მომავალს სკეპტიკურად უყურებს. ”ლელო” პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ”ქართული ოცნებასთან” ერთად ”ნაციონალური მოძრაობასაც” აკისრებს. მმართველი პარტია კი ოპონენტებს შეახსენებს, რომ სწორედ ისინი ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯი დაეზიანებინათ.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარეს კენჭისყრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხის ამოღება სთხოვა. თეონა აქუბარდიამ მიზეზად საკითხზე კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა დაასახელა. თქვა ისიც, რომ ეს, ნაბიჯი 12 პუნქტის შესრულებაზე დადებითად იმოქმედებს.
საპარლამენტო ტრიბუნა დეპუტატების ნაწილმა ეკონომიკურ მაჩვენებელზე საუბრისთვისაც გამოიყენა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ 2 ნიშნა ზრდა მოსახლეობაზეც უნდა აისახოს. მმართველი გუნდი კი ეკონომიკის გაუმჯობესებულ შედეგებს სწორედ ხელისუფლების სწორ პოლიტიკას უკავშირებს.
ეკონომიკასა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გარდა ოპოზიციის ნაწილმა განცხადება გელათის ტაძარში არსებულ მდგომარეობაზეც გააკეთა. ანა ნაცვლიშვილმა დეპუტატებს რეაგირებისკენ მოუწოდა, ნაცვლიშვილს შალვა პაპუაშვილმა უპასუხა.
მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნა. სხდომაზე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი ჯერ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაღუპულებს, შემდეგ კი მათივე კოლეგის პარლამენტის უხუცესი წევრის ბუბა კიკაბიძის ხსოვნას მიაგეს.