14 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ საერთაშორისო სტრუქტურებიც, მაგალითად ევროსაბჭო და სხვა, დაინტერესდნენ ამ საქმით - ირაკლი კობახიძე MKD-ის განცხადებაზე

იურიდიული ფირმა MKD-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის მენეჯმენტის გავლენით მათი პოზიცია ევროპულ მედიაში იბლოკება, "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა თუ საერთაშორისო სტრუქტურები, მაგალითად ევროსაბჭო ამ საქმით დაინტერესდებოდა.

"თუ ვინმეს აქვს ამხელა რესურსი და ასე ბოროტად იყენებს ამ გავლენის რესურსს, ეს არის ნამდვილად წარმოუდგენელი და ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ საერთაშორისო სტრუქტურებიც, მაგალითად ევროსაბჭო და სხვა, დაინტერესდნენ ამ საქმით, რასთან გვაქვს რეალურად საქმე და როგორია ამ ცენზურისა და კოორდინაციის მასშტაბი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, გამომდინარე იქიდან რომ საქმე ეხება მედიის თავისუფლებას ევროკავშირში.

გრძელდება საუკუნის ძარცვის საქმე, 2 მილიარდის აქტივები არის დაკავებული ყაჩაღურად. ეს არის ის თანხები, მათ შორის, რაც უნდა მოხმარებოდა ქველმოქმედებას საქართველოში, უდიდესი ნაწილი. ყაჩაღობს შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტი და კიდევ ერთხელ რა ხდება, რომ სტატიები იბეჭდება ბანკთან დაკავშირებით, მწვანე შუქია ანთებული, ანგრევენ ბანკის რეპუტაციას; როდესაც საქმე ეხება მენეჯმენტს - არ ბეჭდავენ. ინტერესი არის ერთადერთი, მენეჯმენტს ხელს უწყობენ ორ რამეში, ბანკის დანგრევაში და ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებაში," - აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ მნიშვნელობიდან გამომდინარე ამ თემის გაშუქება და მასზე ყურადღების გამახვილება ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს.

"დიდი ხანია ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე და ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არის ორგანიზებული კამპანიის ნაწილი, მათ შორის, რომლის მთავარი მიზანიც არის რომ გავლენა მოახდინონ ბიძინა ივანიშვილზე და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილმა შეეცადოს რომ გავლენა მოახდინოს "ქართულ ოცნებაზე" და საქართველოს ხელისუფლებაზე. ეს არის რეალობა, მაგრამ ყველამ დავინახეთ რომ სახელმწიფო ინტერესები დგას ყველაზე წინ. ბრძოლას ნამდვილად ყოველთვის აქვს აზრი, ძალიან კვალიფიციური სამართლებრივი გუნდია, ჩვენ დავინახეთ რომ კონკრეტული შედეგები იქნა მიღწეული.

ხოლო რაც შეეხება ცენზურას, ეს არის ძალიან ცუდი და მიუღებელი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც თავისი შინაარსით და აზრით არის პრეცენდენტული და გაუგონარი, მე მგონია რომ მაქსიმალური საერთაშორისო ყურადღება უნდა იყოს ამაზე გამახვილებული და აბსოლუტურად ყველას ინტერესი უნდა იყოს რომ ეს იქნეს მაქსიმალურად დეტალურად გაშუქებული," - ამბობს ჩიქოვანი.

დღის ამბები